საერთაშორისო გამჭვირვალობა: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სპეციალური განცხადებით ეხმიანება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მაუწყებელში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები, მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და შევიწროებაა.

„აჭარის ტელევიზიის დირექტორის ბოლო პერიოდის განცხადებები, დაგეგმილი საკადრო ცვლილებები თუ თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება წამოადგენს მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლასა და შევიწროებას. ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას, რომ მთელი ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ცნობით, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, 13 თებერვალს აცნობა, რომ სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების გეგმავს. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან 3-ის თანხმობის შემთხვევაში, ცვლილება შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძესაც, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. პარალელურად, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგაც. ამასთან, ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს“, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის წლის აპრილში მრჩეველთა საბჭომ დირექტორობიდან გაათავისუფლა ნათია კაპანაძე, ხოლო ახალ დირექტორად, ბევრი მცდელობისა და 6 თვის შემდეგ, გიორგი კოხრეიძე აირჩია. ახალი დირექტორის არჩევის პროცესმა არაერთი კითხვა გააჩინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მაუწყებლის თანამშრომლებში, რომ შესაძლოა, პროცესი ხელისუფლებისგან ყოფილიყო მართული. კოხრეიძემ დირექტორობის პირველივე დღეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა, მოგვიანებით წარადგინა რეორგანიზაციის გეგმა, რომელმაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია თანამშრომლების ნაწილში. მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო არასასურველი თანამშრომლების ჩამოშორებისა და ამ გზით სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. პარალელურად ახლა უკვე დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ზოიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე დირექტორის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა იმისთვის, რომ სარედაქციო პოლიტიკას ჩამოშორებოდა. მოგვიანებით მას ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად