სადულაევი: “იტალიური სამზარეულო, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხინკალს მე არ ვუღალატებ” (ვიდეო)

ოლიმპიური, 5-გზის მსოფლიო და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ჭიდაობის სამყაროში “რუსულ ტანკად” წოდებული აბდულრაშიდ სადულაევი გუშინ მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი

97კგ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანმა (97კგ), ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ერთადერთი შეხვედრა სადულაევთან წააგო. ოდიკაძემ საკმაოდ კარგად იჭიდავა, რამდენჯერმე სადულაევის ფეხშიც შევიდა და ცოტა უიღბლობაც იყო, საიდულაევი ბოლო მომენტში რომ ახერხებდა ჩოქბჯენში გადაყვანისგან თავის დაღწევას.

“აიპრესი” გთავაზობთ ოდიკაძის და სადულაევის ჭიდაობის ამსახველ ვიდეოს და აგრეთვე, მცირედი შემოკლებით, აბდულრაშიდ სადულაევის ტიგრან ავანიანისადმი მიცემული ინტერვიუს თარგმანს

– წინასწარი ეტაპი უჩვეულოდ წარიმართა – თქვენ უფრო მეტი ქულა დათმეთ (ერთად, პირველმა სამმა მეტოქემ,  სადულაევს 10 ქულა აართვა – “აიპრესი”), ვიდრე მთელი კარიერის მანძილზე…
– ისეთი გამოცდილი სპორტსმენიც კი, როგორიც მე ვარ, უშვებს შეცდომებს. სპორტია – ნებისმიერთან შეიძლება წააგო. მე ბევრი დრო გამიცდა, ცუდად შევიგრძნობდი ხალიჩას და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ძალა მომეკრიბა და ყველაფერი ნორმალურად წავიდა. ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება.

– თქვენი ძირითადი მოწინააღმდეგეები ევროპელები არ არიან, დაბრუნდა ხალიჩაზე ღირსეული ოპონენტი ირანიდან და უკვე ვადამდე დაამარცხა კაილ შნაიდერი (რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 97კგ წონაში) სარეიტინგო ტურნირზე…(იანვარში, რომში, მოჰამედჰოსეინ ასკარ მოჰამედიანი 8:0 გახადა ანგარიში და თან ბეჭებით გააკრა ხალიჩას შნაიდერი – “აიპრესი”)…
– მახსოვს ეს ბიჭი, ჩვენ 2014 წელს ერთად ვჭიდაობდით მსოფლიო ჩემპიონატზე (2013 წელს სადულაევი ჩემპიონი გახდა, ირანელი კი მესამეზე გავიდა, ერთმანეთს არ შეხვედრიან. ორივე 86კგ წონაში ჭიდაობდა – “აიპრესი”) რის შემდეგაც ის 4 წლით იყო დისკვალიფიცირებული. მე ვნახე მის ბრძოლები, მან მოუმატა – ვფიქრობ, ჩვენ საინტერესო შეხვედრა მოგველის. ჩვენ ძალიან ძლიერი წონა გვაქვს, ხალიჩას ყველა აქსაკალი უბრუნდება, ხაჯიმურატ გაცალოვი იჭიდავებს. სახელოვანი ბევრია, მარტო ოლიმპიური ჩემპიონია ოთხი – ოლიმპიური ტურნირი ძალიან საინტერესო იქნება

– აშშ-ს ნაკრებიდან, შეიძლება, თქვენ მოგიწიოთ შეხვედრა არა კაილ შნაიდერთან, არამედ ჯეიდენ კოქსთან…
– ამისთვის მან ჯერ შერჩევა უნდა გაიაროს, ვფიქრობ, ეს არ იქნება ადვილი – შნაიდერს უპირატესობა აქვს წონაში. როგორც იტყვიან, ხალიჩა გვაჩვენებს, ჩვენ მოვემზადებით ოლიმპიადისთვის სრული პასუხისმგებლობით.

– რას იტყვით ალბერტ სარიტოვზე? (ალბერტ სარიტოვი ამჟამად რუმინეთის სახელით ჭიდაობს, არის ჩეჩნეთიდან და 16 წლის ასაკიდან კრასნოიარსკში, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, დიმიტრი მინდიაშვილის ჭიდაობის აკადემიაში ხვეწდა ოსტატობას. გუშინ, ფინალურ შეხვედრაში იგი საიდულაევთან 0:6 დამარცხდა – “აიპრესი”)

– გამაკვირვა. ის ახალგაზრდა ბიჭი არაა, ბევრი გამოტოვა, მაგრამ ძალიან ღირსეულად ჭიდაობდა. ვფიქრობ ოლიმპიადაზე ჩვენ ისევ შევხვდებით, მისი შეუფასებლობა არ შეიძლება.

– არც ისე ხშირად გიწევთ ნახევრადცარიელ დარბაზში ჭიდაობა…
– ჩვენ რომის გარეუბანში ვართ, ცენტრში რომ ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატი, ხალხი იქნებოდა. ადამიანები ერთ საათს მგზავრობაში არ დაკარგავენ, არაა შექმნილი პირობები – ამიტომაცაა ნახევრადცარიელი დარბაზი. და კიდევ, რომი არც ისეც ხელმისაწვდომი და საჭიდაო ქალაქია. ვთქვათ, ნურ-სულთანში ნებისმიერ მსურველს შეეძლო ჩასულიყო, უვიზო ქვეყანაა, რომში კი ასე მარტივად ვერ მოხვდები.

– ყოფილხართ ადრე რომში?
– არა, მე აქ პირველად ვარ და ქალაქი ძალიან საინტერესოა. უკვე შევძელი მოვხვედრილიყავი ცენტრში, მომენახულებინა ღირშესანიშნავი ადგილები, კოლიზეუმი, შადრევნები მენახა. ისტორიული ქალაქია. ხვალ დილით მე მექნება დრო გასეირნებისთვის – ავიყვან გიდს, აღმოვაჩენ ჩემთვის იტალიას.

– როგორ მოგწონთ იტალიური სამზარეულო?
– იტალიური სამზარეული – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხინკალს მე არ ვუღალატებ და მას ვანიჭებ უპირატესობას. საერთოდ კი ბევრი რამის გასინჯვა მოვასწარი, პიცა ძალიან გემრიელია, მაკარონი სხვადასხვანაირი, პასტა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად