სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” შეჯიბრებიდან მოხსნა

დღეს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საკითხი განიხილეს. კლუბის მხრიდან, სხდომას ესწრებოდნენ "ზესტაფონის" დირექტორი – მიხეილ ხუციშვილი და კლუბის იურისტი.

თითქმის ორსაათნახევრიანი მოსმენისა და მსჯელობის შემდეგ, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მისმა თავმჯდომარემ – ჯიმშერ ტყებუჩავამ გაახმოვანა.

ს.კ. "ზესტაფონს" დაეკისრა შემდეგი დისციპლინარული სასჯელი:

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის ("მატჩზე გუნდის გამოუცხადებლობა") თანახმად, "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება 0:3 გორის "დილასთან" მატჩში გამოუცხადებლობის გამო. დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა შეჯიბრებიდან.

ასევე, საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.34 პუნქტის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება, ამავე პუნქტის თანახმად – თუ გუნდს მატჩების ნახევარის ან მეტის ჩატარების შემთხვევაში, გუნდს ყველა დარჩენილ თამაშში ჩაეთვლება წაგება 0:3 და ასეთი გუნდი დაგროვილი ქულებით დარჩება გათამაშების ცხრილში.

სადისციპლინო კომიტეტმა დისციპლინარული სასჯელი დააკისრა კლუბის დირექტორსაც. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 130-ე, გარდამავალი დებულებების მუხლისა და 55-ე, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის ზოგადი იურისდიქციის მუხლის თანახმად, მიხეილ ხუციშვილს მიეცა ერთწლიანი სანქცირებადი ვადა. ამ ერთი წლის განმავლობაში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

"ზესტაფონს" უფლება აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო კომიტეტში.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად