სადა ვბანაობთ?! – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

“ველი ხელისუფლებას, რომელიც ოპონენტის განადგურებაზე კი არ დახარჯავს მინიჭებულ მანდატს, არამედ გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას მიიღებს, რომელიც აუცილებლად იქნება მტკივნეული და რთული.” – ასეთია კოკი იონათამიშვილის ბლოგის დასკვნითი ნაწილი…

დასკვნით ნაწილამდე კი საინტერესო თემებია წარმოდგენილი, რომელსაც ერთი საერთო კითხვა “სადა ვბანაობთ?!” აერთიანებს.

სადა ვბანაობთ?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიებმა კანდიდატების წარდგენა დაიწყეს. ვუყურებ მათ და მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი მაგალითად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების და აქტუალურობის შესახებ? ან რამდენმა მათგანმა იცის რა პროცესი მიმდინარეობს არქტიკაში და რა პერსპექტივას გახსნის ახლო მომავალში არქტიკა სამხედრო და სავაჭრო თვალსაზრისით, რას და რატომ იკვლევს ასე გამალებით ჩინეთი იქ რუსეთთან ერთად? რამდენმა მომავალმა პარლამენტარმა იცის რომ წელს მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის ჩინეთია და თვლიან თუ არა რომ ეს პრობლემა თუ არა მინიმუმ გამოწვევა? როგორ აფასებენ იმ ფაქტს, რომ 2014 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიუხედავად ევროკავშირში ქართული ექსპორტის წილი არ გაზრდილა, ხოლო ჩინეთთან 2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებამ იგი მყისიერად პირველ ექსპორტიორ და მესამე იმპორტიორ ქვეყანად აქცია. არ ვამტკიცებ, რომ ამ ტიპის კითხვებზე ჩვენ პოლიტიკოსებს პასუხი არ აქვთ. მე უბრალოდ არ ვიცი მათი პოზიცია და მაინტერესებს გავარკვიო, სადა ვბანაობთ საერთოდ.

 გილოცავთ, ჩინეთი ჩვენი მთავარი ექსპორტიორია!

2020 წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთში საქართველოს ექსპორტმა შეადგინა მთლიანი ექსპორტის 13,6% (შარშან ამავე პერიოდში 3,3%). დღეს ჩვენ მეტი საქონელი გაგვაქვს ჩინეთში ვიდრე ტრადიციულ ლიდერ საექსპორტო ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და რუსეთში.

2020 წელს ექსპორტის ჯამური შემცირების ფონზე ჩინეთში გატანილი ექსპორტის ფინანსური მოცულობა შარშანდელი 49 მილიონი აშშ დოლარიდან 168 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ჩინეთზე ჩვენი სავაჭრო დამოკიდებულება კოლოსალური ტემპებით იზრდება და ყველაზე სავალალო ისაა, რომ მთავრობაში ამ მონაცემების ანალიზი არ ხდება.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ ვერ უზრუნველყო მისი, როგორც სავაჭრო პარტნიორის წილის გაზრდა. უფრო მეტიც, ჩვენი ექსპორტის მოცულობა ევროკავშირთან 2015 წელს, 29,2%-იდან 2019 წელს 21,7%-მდე შემცირდა. ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის შესვლა ხელშეკრულების მიუხედავად მაინც რთულია, თუმცა ვითარების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად არასაკმარისია. ამავე დროს, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე კი საგანგაშოდ მაღალია. 2019 წელს საგარეო ვაჭრობაში, ექსპორტის წილი მხოლოდ 29%-ია, ანუ საქართველო გახდა რუსეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, ჩინეთისთვის დამატებითი ტერიტორია, სადაც ეს ქვეყნები საკუთარ პროდუქციას ძალიან ხშირად ადგილობრივ პროდუქციაზე უკეთესად ყიდიან.

ამ ისედაც მწირი ექსპორტის 63,5% კი შედის დსთ-ში, ჩინეთსა და თურქეთში, ანუ ქვეყნებში რომელთა სავაჭრო სტანდარტები და რეგულაციები უმეტესწილად დაბალი სტანდარტებისაა, რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას აზიანებს. უბრალო სიტყვებით, რომ ვთქვათ ქართველ მეწარმეს განვითარების არასაკმარისი მოტივაცია აქვს, რაც პერსპექტივაში სავალალო შედეგებს მოგვიტანს.

 რძე რძის პაკეტიდან.

მე ასე მახსოვს, რომ საბჭოთა პროპაგანდის მთავარმა რუპორმა, პროგრამა “ვრემიამ” 80-იანი წლების ბოლოს გააკეთა სიუჟეტი – დასავლეთის რომელიღაც ქვეყანაში ეკითხებიან სტუდენტებს, რძეს როგორ და საიდან ვიღებთ, თუ იცითო? რამდენიმე სტუდენტებმა უპასუხა, რომ რძეს რძის პაკეტებიდან ვიღებთო. ბუნებრივია ეს საბჭოთა პროპაგანდის ერთი ჩვეულებრივი მაგალითი გახლდათ. თუმცა დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკოსს, ე.წ. ელიტის წარმომადგენელს და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტს რომ ვუყურებ ვფიქრობ, “ვრემიას” იმ სიუჟეტის გაკეთება დიდად არ უნდა გაჭირვებოდა. დღეს სწორედ ეს სტუდენტები და მათი შთამომავლები, უკვე ჰალსტუხებით შემკობილნი და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები გამოვიდნენ ასპარეზზე.

უსაფრთხოება თამაში არ არის

მე მგონია საკითხი ძალიან მარტივად დგას. თუ უსაფრთხოება თამაშია ან ის რძის პაკეტიდან გადმოედინება უბრალოდ და თავისით, თუ კომუნისტური ჩინეთი, რომელიც მალე ყველაზე მძლავრი ეკონომიკის ქვეყანა გახდება, თავის პარტნიორ რუსეთთან ერთად არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს და თუ ქუჩებში აღარ გვჭირდება პოლიციელები, მაშინ მაგალითად ამერიკისთვის ჯო ბაიდენი საუკეთესო, უალტერნატივო კანდიდატურაა. დარწმუნებით არაფრის თქმა აღარ შეიძლება. იქნებ მართლა ასეა? მაგრამ ასე მგონია, რომ მთავარი საკვანძო მომენტი ამერიკაში მიმდინარე ვაკჰანალიაში ექსტრემისტების პოლიტიკური მხარდაჭერაა. წარმოიდგინეთ, როგორ ემოციას განიცდის და როგორ არის შთაგონებული მოძალადე, როდესაც იღებს ინფორმაციას, რომ დარბევების პირველ დღეებში დაკავებული დამნაშავეების გათავისუფლებაში სხვებთან ერთად ჯო ბაიდენის ოფისის წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ხოლო ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბერნი სანდერსი არეულობებისა და დარბევების დაწყების პარალელურად ფეისბუკზე აქვეყნებს პლაკატს – “რევოლუცია ერთჯერადი აქტი არ არის!”. ნამდვილად ტყუილად ცდება ადეიშვილი უკრაინაში.

ძეგლების შესახებ

შვედეთში ერთი (ჯერჯერობით ერთი) პოლიტიკოსი, ერთერთი ქალაქის ყოფილი მერი, კარლ მეთორმეტეს ძეგლის ადგილას სამოქალაქო აქტივისტის, 17 წლის გრეტა ტუნბერგის ქანდაკების დადგმის ინიციატივით გამოდის. კარლ მეთორმეტე გრეტაზე პატარა იყო, როდესაც შვედეთის სამეფო ტახტზე ავიდა და ისტორიაში შევიდა როგორც ევროპის ერთერთი საუკეთესო მხედართმავარი, გამორჩეული სამხედრო ტაქტიკოსი და პოლიტიკური ლიდერი. მან არაერთი ბრწყინვალე ისტორიული, სამხედრო გამარჯვება მოიპოვა რიცხობრივად გაცილებით აღმატებულ მოწინააღმდეგესთან. ერთერთი ასეთი, კი ნარვასთან მოხდა, სადაც გაანადგურა რუსეთის არმია, ხოლო პეტრ პირველმა სამარცხვინო გაქცევით უშველა თავს. კარლ მეთორმეტემ მთელი სიცოცხლე ბრძოლაში გაატარა და ის არის უკანასკნელი ევროპელი მონარქი, რომელიც ბრძოლის ველზე 36 წლის ასაკში დაეცა. ამდენი იმიტომ დავწერე შვედ მეფეზე, რომ თუ მისი ძეგლის მაგივრად გრეტა ტუნბერგის ქანდაკება დაიდგმება, მეც აუცილებლად დავიჯერებ, რომ რძე რძის პაკეტიდან იწარმოება.

 სიყვარული, ჯაზი, თავისუფლება და ძალადობა!

რატომ ხდებიან ჩვენი შვილები მემარცხენეები? იმიტომ, რომ არ ველაპარაკებით მათ. იმიტომ რომ არ არის ამის დრო, გარემო, შესაძლებლობა. განყენებულ, ზოგად თემებზე სასაუბროდ ჩვენ ხშირად უინტერესონი ვართ მათთვის და წარმოვადგენთ საყვარელ, ცოტა გაუგებარ დინოზავრებს, უცნაური ღირებულებებით.

სამაგიეროდ მათ ელაპარაკება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ჰოლივუდის და შოუბიზნესის გმირები, მედიის და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, რომელთა უმრავლესობა მემარცხენეა. მემარცხენეობა გაცილებით ადვილია და მოდურია. მაგრამ როგორც დღეს ნათლად აღმოჩნდა საკმაოდ საზიანო. ბუნებრივია, ახალგაზრდის ბუნება ყოველთვის იყო და იქნება მიდრეკილი მემარცხენეობისკენ, თუმცა საქართველოში მიმდინარე უკიდურესად მდარე და ნერვული პოლიტიკური პროცესი აღრმავებს თაობებს შორის გაუცხოების პროცესს და ამავე დროს ახალგაზრდებს ეროვნული საკითხებისადმი დისტანცირებისკენ უბიძგებს ხელს. ეჰ, ჯერ კიდევ გუშინ ეს სიმპატიური მემარცხენეები რა საინტერესოდ და მგზნებარედ მოგვითხრობდნენ სიყვალურზე, ჯაზზე და თავისუფლებაზე. უკვე დღეს კი ინერციით და უტვინობით, ხშირ შემთხვევებში ექსტრემისტი მოძალადეების იდეოლოგიურ მხარდამჭერებს წარმოადგენენ.

 ფოტო, რომელიც არავის მოეწონა

ერთადერთი ფოტო, რომელიც ფეისბუკზე განვათავსე (დავრეგისტრირდი 2007 წელს) და რომელსაც არცერთი ადამიანის მოწონება არ აქვს არის ამერიკის პრეზიდენტის ფოტო, სადაც ის ათეულობით პოლიციელს ხვდება. ფოტო 5 ივნისს გამოვაქვეყნე, როგორც ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა იმ ინსტიტუტების მიმართ, რომელთაც უნდა დაიცვან ადამიანები მოძალადე ექსტრემისტებისგან.

დღეს ექსტრემიზმმა მოიპოვა მორალური უპირატესობა გონიერებაზე და შემცბარი ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩუმად ზის სახლში და თავის დროს ელოდება. ელოდება, როდის და რა ფორმით მოუწევს პასუხის გაცემა ამ ამაზრზენ და მიუღებელ ვითარებაზე. იქნებ არჩევნებში მონაწილეობით ან საკუთარი ოჯახის ფიზიკური დაცვით. ის, რომ დემორალიზებული და დამცირებული პოლიცია ვერ ახერხებს ადამიანების დაცვას, ამ დღეების ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად მეჩვენება. მაღალი საზოგადოებრივი წნეხის პირობებში აშშ-ში ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოსავალს პოლიციის გაუქმებაში, უფლებების და მოქმედებების შეზღუდვაში ხედავს, ისე როგორც მაგალითად მინეაპოლისში, როდესაც ქალაქის საბჭოს წევრებმა ქალაქის პოლიციის გაუქმებას დაუჭირეს ან როგორც სიეტლში, სადაც ქალაქის მერი პოლიციას ამბოხებული ექსტრემისტების მიერ დაკავებულ რაიონში შესვლის უფლებას არ აძლევს. მაგრამ ადამიანებზე ძალადობენ ამერიკის არა მხოლოდ ამ ქალაქებში და არა მხოლოდ ამერიკაში. 21 ივნისს შტუტგარტში ოცამდე პოლიციელი დაშავდა, მას შემდეგ რაც რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ დაიწყო ქალაქის დარბევა. ასეთი პოლიცია კი მოქალაქეს ვეღარ დაიცავს.

რეზუმე

პანდემია და მემარცხენე ექსტრემიზმი დაუნდობელი სისწრაფით ცვლის მსოფლიო არქიტექტურას. გლობალურ გამოწვევებზე პოზიციის შემუშავება და შემდეგ რეაგირება გადაწყვეტს, მოახერხებს საქართველო განვითარებას თუ ის გახდება მხოლოდ ტერიტორია სახელმწიფოს ნიშნებით, სადაც ადამიანებს განვითარება კი არა დაპურებაც კი გაუჭირდებათ. ხოლო ის საზოგადოება, რომელიც ჩათვლის რომ სხვა საკითხებთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ნაკლებ მნიშვნელოვანია ან მას არ ეხება, იმთავითვე იქნება განწირული უარესი სცენარისთვის.

ველი ხელისუფლებას, რომელიც ოპონენტის განადგურებაზე კი არ დახარჯავს მინიჭებულ მანდატს, არამედ გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას მიიღებს, რომელიც აუცილებლად იქნება მტკივნეული და რთული. ყველაზე მთავარი კი საზოგადოების პოზიციაა. დავუკვეთავთ კი მათ ჩვენ, საზოგადოება ამგვარ ამოცანას, თუ ოპონენტების მიჯირყვნით დავკმაყოფილდებით. მე ოპტიმისტი ვარ, ხოლო თუ უმრავლესობას სასაცილოდ არ ყოფნის ჩემი ოპტიმიზმი, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად