საბურთალოს რაიონის გამგეობაში საზოგადოებრივი საბჭოს მოქალაქე წევრებს არჩევენ

საბურთალოს რაიონის გამგეობაში საზოგადოებრივი საბჭოს მოქალაქე წევრთა შესარჩევი კომისიის სხდომა გაიმართა. 17 წევრისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ, რომელშიც არასამთავრობო, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რაიონის ორი მაჟორიტარი დეპუტატი და გამგეობის თანამშრომლები შედიან, საზოგადოებრივი საბჭოების წევრობის კანდიდატებს მეორე ტურში გადასასვლელად კენჭი უყარა.

გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრებმა  კანდიდატთა სამოტივაციო წერილებითა და უბნებიდან საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითობის პრინციპით იხელმძღვანელეს. კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეულ წევრებთან გასაუბრება 2015 წლის 9 მაისს მოხდება.საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის მიერ არის ინიცირებული და ის თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ საბურთალოზე განხორციელდება, მისი ეფექტურობის შემთხვევაში კი საზოგადოებრივი საბჭოები თბილისის ყველა რაიონის გამგეობაში დაინერგება.

საბჭოში სულ 21 წევრი შევა, რომელთაგან 10 იქნება შესაბამის ტერიტორიული მართვის ერთეულში რეგისტრირებული მოქალაქე, 2 ბიზნესის, 2 მედიის, 2 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და უშუალოდ გამგეობის მიერ შერჩეული 5 პირი. საბოლოოდ, შეიქმნება სამი საზოგადოებრივი საბჭო საბურთალოს რაიონის სამ ტერიტორიულ ერთეულში:დიღომი, ვაშლიჯვარი, ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა და კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ქუჩა.

საზოგადოებრივი საბჭო იქნება მოქალაქეთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს ჩაერთონ მათი უბნის, ქუჩის, ქალაქის მართვაში, გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ერთობლივად ხორციელდება.

კომენტარები
იტვირთება...