ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი მეორე და მეოთხე  ასეულების სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს და სამხედრო მრწამსი წარმოთქვეს. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში რვა კვირის განმავლობაში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. ისინი რეკრუტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.