Sabin Vaccine Institute-ის პრეზიდენტი: კორონავირუსებით გამოწვეულ ეპიდაფეთქებას კაცობრიობა უკვე მესამედ გადააწყდა

როგორ მუშაობს ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა, რომელსაც ვაქცინოლოგიის ახალ ეპოქას უწოდებენ, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ მასობრივი იმუნიზაცია, რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსალური ვაქცინის შექმნა პანდემიების შესაჩერებლად და რას მოიაზრებს ფრაზა „ვირუსთან თანაცხოვრება“, – ამ ძირითად საკითხებზე საუბრობს ამერიკული ინსტიტუტის, Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტი ბრიუს გელინი, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ანალიტიკურმა საკვირაო გადაცემა „ახალმა კვირამ“ ჩაწერა.

პროფესიით ეპიდემიოლოგი ბრიუს გელინი მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, აშშ-ის სახელმწიფო ვაქცინების პროგრამის ოფისში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში. 2017 წლიდან ბრიუს გელინი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტს, Sabin Vaccine Institute-ს ხელმძღვანელობს. ეს ინსტიტუტი ვაშინგტონში 1993 წელს ჰელოისა საბინმა დააარსა. ჰელოისა საბინი ალბერტ საბინის მეუღლეა, – მეცნიერის, რომელმაც თავის დროზე პოლიომიელიტის ვაქცინა შექმნა.

ეს იყო დრამატული პანდემიური წელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. მინდა, გკითხოთ, რა ასწავლა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემას „კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა პანდემიამ?

კარგი შეკითხვაა. ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ. პირველ რიგში კი ის, თუ როგორ ავირიდოთ მომავალში არაერთი ვირუსით გამოწვეული პანდემია. ამ პროცესში ინფორმაციის დროული გაცვლა და შემდგომი კონტროლი, ზედამხედველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, საჯინიბოს კარი ცხენების გაქცევის შემდეგ რომ ჩარაზო, ხომ ამაო იქნება?! ეს მანამდე უნდა გააკეთო, სანამ ცხენები გაიქცევიან. იმის თქმა მინდა, რომ ასეთ დროს ძალიან სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ასეა ვირუსიც, ფართო გავრცელებამდე უნდა შეჩერდეს. ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ვაქცინა დროულად შეიქმნება. მაგრამ ყოველთვის უკეთესია, ვაქცინა პრობლემის გაღრმავებამდე არსებობდეს. მხედველობაში მაქვს უნივერსალური ვაქცინა, მაგალითად, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა.

არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრიპის ვირუსმაც შეიძლება, გამოიწვიოს და მსგავსი საფრთხე ისევ არსებობს. ასე რომ, გრიპის ვირუსიც მეცნიერებისგან არანაკლებ ყურადღებას საჭიროებს. უნივერსალური ვაქცინა უნდა არსებობდეს კორონავირუსის წინააღმდეგაც, რადგან კორონავირუსებით გამოწვეულ ეპიდაფეთქებას კაცობრიობა უკვე მესამედ გადააწყდა. ჯერ იყო SARS-ი, შემდეგ MERS-ი და ბოლოს „კოვიდ-19“. ეს ვირუსები მომავალშიც აღმოცენდება, შესაძლოა სხვა ვირუსებიც, ამიტომაც მეცნიერება მსგავს გამოწვევას მომზადებული უნდა შეხვდეს. რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, პანდემიის შესაჩერებლად გარდამტეხ ფაქტორს წარმოადგენს ვაქცინის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. სახელმწიფოს შემუშავებული უნდა ჰქონდეს დროული ვაქცინაციის პროგრამა, უნდა მოაწესრიგოს ლოჯისტიკა, უზრუნველყოს მარაგის დროული მიწოდება, ვაქცინის შესანახად მოიმარაგოს ტემპერატურული კონტროლის სისტემით აღჭურვილი მაცივრები და გადაამზადოს მედპერსონალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად