საბაზისო განათლების მქონე პირებს, პროფესიული და ზოგადი განათლების მიღება ინტეგრირებულად შეეძლებათ

პროფესიული განათლების სისტემა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. ბოლო 15 წლის მანძილზე ეს შესაძლებლობა არ არსებობდა და სავალდებულო საბაზო განათლების (9 კლასი) დასრულების შემდეგ, მოზარდებს ჰქონდათ ორი არჩევანი – სწავლა განეგრძოთ საშუალო საფეხურზე, ან პროფესიული განათლების მიმართულებით.

,,ამ ეტაპზე იქმნება ახალი შესაძლებლობა, რომელიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს პროფესიულ და ზოგად განათლებას ინტეგრირებულად შესთავაზებს. ამგვარი პროგრამების ხანგრძლივობა იქნება 3 წელი და კურსდამთავრებულები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.”- აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი.

ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას, 2020 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, 6 კოლეჯი დაიწყებს, რომელთა შორის არის ქობულეთის კოლეჯი „ახალი ტალღა”. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ დღიან ტრენინგს სწორედ კოლეჯი ,,ახალი ტალღა” მასპინლობს.

სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასრულებს ინიციატივის დანერგვისთვის საჭირო მოსამზადებელ ფაზას, რომლის ნაწილია ინტეგრირებული პროგრამების სწავლების მიზნით შერჩეული მასწავლებლების ტრენინგი. თებერვალსა და მარტში, რამდენიმე ეტაპიან ტრენინგს 100-ზე მეტი კანდიდატი გაივლის. ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიზნით კი დაგეგმილია კოლეჯების შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად