საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ბიუროს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

დოკუმენტში ასევე საუბარია ე.წ. 40%- იან ჩამკეტ მექანიზმზე.

„იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს;
ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს“, – აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, კანონპროექტი ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით.

„2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდება: ყველა კვალიფიციური პარტია; ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკებად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო; ასევე ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო“, – ნათქვამია პროექტში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ 2024 წლამდე, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.

 

კომენტარები
იტვირთება...