“საარჩევნო სისტემის მოდელი ივანიშვილის და უმრავლესობის საერთო პოზიციაა”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების მოდელი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციაა.

"ბიძინა ივანიშვილი სხდომას ჩვენი თხოვნით ესწრებოდა, რადგან საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას აქ ყოფილიყო. ივანიშვილმა თავისი პოზიცია გუშინვე დააფიქსირა. საარჩევნო სისტემის აღნიშნული მოდელი სწორედ საერთო პოზიციაა",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, გადადგან საპასუხო ნაბიჯი და აღნიშნულ რეფორმას მხარი დაუჭირონ.

"გვინდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წლის ბოლომდე დავასრულოთ. მოხარული ვიქნებოდი, რომ ყველა წინა ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. ვთხოვ ყველას, რომ ამ კონკრეტულ გეგმას მხარი დაუჭიროს",-აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის მიხედვით ჩატარდება. ამავდროულად გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მაჟორიტარულ ოლქებსა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დისბალანსი შემცირდება და 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდება. მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები, მრავალმანდატიანი, პროპორციული წესით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად