საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი დღეს მუშაობას გააგრძელებს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას გამართავს.

„პარლამენტი მუშაობს ეუთოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებისთვის. ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად, სრულად ითვალისწინებს ეუთოს რეკომენდაციებს და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია არის, მაქსიმალურად ავსახოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც უნდა განხორციელდეს”.

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას გუშინ განაცხადა.

მმართველი გუნდის სურვილი და მზადყოფნა – უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესში პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროცესი კონსტრუქციულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ცვლილებების განხორციელება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან მაქსიმალური შეთანხმებით მოხდეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ იმ ცვლილებებს,რომელიც საარჩევო კოდექსში და პარტიების შესახებ კანონში, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შევიდეს.

იმსჯელებენ პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლის, მედიაზე წვდომის და საეთერო დროის განაწილების, საარჩევნო კამპანიის ჩატარების წესებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ორი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

პოზიციების შეჯერების შემდეგ, მომზადდება საკანონმდებლო პაკეტი და მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღის ბოლოს განაცხადა, რომ შეთანხმება დაფინანსების ახალი მოდელისა და სარეკლამო დროის განაწილების გარდა კიდევ ოთხ საკითხზე შედგა.

მისი თქმით, საუბარია მეორე ტურთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, სიძულვილის ენაზე, მისი დარეგულირების წესზე და საარჩევნო კამპანიების და პარტიების დაფინანსების წყაროების მონიტორინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთავაზებულ ვერსიას ეთანხმებიან საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ეხება საარჩევნო ადინისტრაციის დაკომპლექტების წესს. მისივე თქმით, არსებობს ორი გარემოება, რომელთა გათვალისწინებითაც მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად