სააპელაციაო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტონული სამაჯურის ტარება დაევალა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა არ დააკმაყოფილა გენერალური პრპკურატურის საჩივარი და ”ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის ნიკა მელიას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდება ძალაში დატოვა.

ასევე, არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას საჩივარი  მისთვისვის შეზღუდვების შესახებ. ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

მელიას თქმით, მოქმედი დეპუტატია და ასეთი შეზღუდვა მის მიმართ ანტიკონსტიტუციურია.

“დამიმატეს, სამაჯური უნდა გავიკეთო, ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილების ელექტრონული მონიტორინგი. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად ვაცნობებ პროკურატურას, თუ ასე უნდათ და მივალ სხდომაზე დასასწრებად.

იმისთვის რომ მოქმედი დეპუტატი, რომელსაც ყველა უფლებამოსილება აქვს და პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, ნუ ეს მათ სინდისზე და ზნეობაზე იყოს… ეს საზოგადოებამ განსაჯოს.

კი ბატონო, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს, მაგრამ, ეს ვერ შემზღუდავს და არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან” – განაცხადა ნიკა მელიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურატურამ და ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც არ დააკმაყოფილა მოასამართლემ. მელიას ადვოკატი კი  გირაოდ 10 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.  მოსამართლე თემურ გოგოხიამ, 10 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მელიას ღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და  განჩინებით, ბრალდებულ ნიკა მელიას დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ნიკანორი მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. სწორედ ამ ნაწილს ასაჩივრებდა მელიას ადვოკატი.

ცნობისთვის: “2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ბრალდებულ ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორი მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

პროკურორმა შუამდგომლობით ითხოვა ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, ასევე მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც. ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე. სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ნიკანორი მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; ამდენად, გაზრდილი გირაოს ოდენობის და დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად იქნება უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

სასამართლოს განმარტებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად