სააკაშვილმა: ივანიშვილმა ქვეყნის გასანადგურებლად მოლდოვის მოდელი აიღო, რომელიც უნდა მოვიშოროთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოლდოვაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და დასძენს, რომ ოლიგარქის მმართველობა საქართველომაც უნდა დაასრულოს.

“მოლდოვაში, პარლამენტში შედგა პრაქტიკულად საპარლამენტო გადატრიალება. ორი ოპოზიციური ძალა გაერთიანდა, მას მიუერთდა ოლიგარქის პარტიის ნაწილი და ერთობლივი ქმედებებით დააკომპლექტეს ახალი მთავრობა, ოპოზიციისგან შემდგარი. მოლდოვა ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს და დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოქმედი ოლიგარქის წინააღმდეგ. ეს ამბავი იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოლდოვაში ზუსტად ისეთი სიტუაციაა ბოლო მრავალი წელი, როგორიც საქართველოში. ერთმა კაცმა ჯიბეში ჩაიდო ქვეყნის პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო სისტემა, მთელი ბიზნესი, პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში სვამდა და ხელისუფლებასთან არავის ახლოს არ აკარებდა. აი, მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო- ოლიგარქი დაემხო.

მოლდოველებმა როგორ უნდა გვაჯობონ ჩემო მეგობარო ქართველებო. კარგი ხალხია მოლდოველები, მეგობრები მყავს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის 10 თავით მაღლა და 10 თავით წინ ვიყავით. თავმოყვარეობა გვაქვს თუ არა, ღირსება გვაქვს თუ არა, გვაქვს!. ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ. გავიზიაროთ ეს მაგალითი, ძალიან მაგარი ტენდენციაა და სხვათაშორის ამერიკამ და ევროპამ ტაში დაუკრეს ამ ყველაფერს, რაც მოხდა. კიშინიოვიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩვენი პოლიტიკის, რახან ჯერჯერობით სინგაპურიცაცია არ გამოგვდის, მოლდოვიზაცია მაინც მოვახდინოთ. ივანიშვილმა მართლა მოლდოვის მოდელი აიღო ქვეყნის გასანადგურებლად. ახლა მოლდოველებმა გამოიღვიძეს და თვითონ მოიშორეს ეს მოდელი. ჩვენ საქართველოს მოლდოვიზაცია უნდა მოვიშოროთ”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...