“სააკაშვილის მიზანია – ან ყველაფერი ან არაფერი, თუმცა უკანდასახევ გზასაც იტოვებს” – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და ციხეში ჩაჯდომა ბოლო 2 კვირის მთავარი თემაა ქვეყანაში. მან თავისი არსით გარკვეულწილად არჩევნების თემაც კი გადაფარა. თუმცა, არ გამართლდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოლოდინი, რომ ეს განსაკუთრებულ რეზონანსს გამოიწვევდა საერთაშორისო ასპარეზზე. მართალია დასავლელი პოლიტიკოსები ამაზე მუდმივად საუბრობენ, მაგრამ არა იმ მასშტაბით და იმ ტონალობით, როგორც ამის მოლოდინი არსებობდა.

როგორ აღიქვამენ დასავლეთში სააკაშვილის პატიმრობას? რა ეტაპზე საქართველო-დასავლეთის ურთიერთობა და როგორ უყურებენ გიორგი გახარიას ფაქტორს? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია საუბრობს:

_ დღევანდელ ვითარებას საერთაშორისო კონტექსტში რომ შევხედოთ, სააკაშვილის პატიმრობა როგორ არის აღქმული დასავლეთში, თან იმ ფონზე, როდესაც ნელ-ნელა ვშორდებით ევროპას?

_ ზოგადად საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები ცოტა გაურკვეველი ფაზაშია შესული ბოლო დროინდელი მოვლენების გამო. ამას კიდევ დაემატა წინასაარჩევნო პერიპეტიები, პლუს სააკაშვილის ჩამოსვლა, რაც გარედან კიდევ უფრო ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ ქართული პოლიტიკური კლასი არ არის მომწიფებული იმ ამოცანებისთვის, რომელიც ქვეყანამ საკუთარ თავს დაუწესა, კონკრეტულად საუბარია ევროატლანტიკურ სივრცეზე.

_ სააკაშვილის ნაბიჯის მიმართაც გარკვეული სკეტიციზმი შეინიშნება?

_ კი. მაგას მოვყვები. ერთი მხრივ საერთაშორისო საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლების პოზიციებით, მათ შორის რეფორმებთან და დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლა კიდევ უფრო გაუგებარს ხდის საქართველოს მდგომარეობას. ეს ჩანს, თუნდაც იმ თავშეკავებული მდგომარეობიდან და განცხადებებიდან, რაც ჩვენ დასავლეთისგან გვესმის.

ამავე დროს ეს მხოლოდ სააკაშვილის და მთავრობის ამბავი არ არის, ზოგადად შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში და საქართველო აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს თავის დროზე იყო, იგივე ვარდების რევოლუციის დროს. აქედან გამომდინარე მოლოდინი იმის, რომ საქართველო დიდ ყურადღებას მიიპყრობდა ან თავად სააკაშვილის მოლოდინი, რომ ის უფრო მეტ რეაქციას ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობისგან ეს ასე არ არის.

_ ანუ, სააკაშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ როგორც კი ციხეში ჩაჯდებოდა, ამაზე დასავლეთი ატეხდა განგაშს და ეს არ გამართლდა?

_ დიახ, ასე იყო და ამ ეტაპზე არ ხდება ასე. მას შეიძლება ჰქონოდა ეს მოლოდინი, მაგრამ… ერთი რამე უნდა ვთქვათ – დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და აქედან გამომდინარე ვხედავთ ევროპარლამენტარების დონეზე განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სასურველი არ არის ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სისტემური პრობლემა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომაც მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ის, რომ თავი აარიდოს ამ სასამართლო პროცესის პოლიტიზირებას, არ მოიქცეს ისე, როგორც ეს გააკეთა ღარიბაშვილმა. ვგულისხმობ იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევა კიდევ დავუმატებთო. ეს აბსოლუტურად არასწორი განცხადებაა, რამაც ბუნებრივია თავისი რეზონანსი გამოიწვია.

_ ასეთი რანგის თანამდებობის პირებისგან ამ შინაარსის განცხადებები რა გავლენას ახდენს დასავლელ პარტნიორებზე?

_ ეს ძირს უთხრის საქართველოს რეპუტაციას და პირველ რიგში ხელისუფლებისას, ამასთანავე რა თქმა უნდა სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციასაც. ამით ღარიბაშვილი ამბობს, რომ აქვს უნარი, გავლენა მოახდინოს იმაზე, როგორ შეიძლება სააკაშვილს დაემატოს სანქციები. ამაზე ბევრჯერ ითქვა, რომ ნორმალურ ქვეყანაში სკანდალი მოყვებოდა. ალბათ იძულებული გახდებოდა იქ ქვეყნის მეთაური, რომ გადამდგარიყო, მაგრამ საქართველოში დიდი ხანია ამას გადაჩვეულები ვართ და აქედან გამომდინარე ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

მთლიანობაში სურვილია, რომ საქართველო არ გაეხვეს დაპირისპირებაში და რაღაცნაირად ეს კრიზისი რაღაცნაირად დაიძლიოს, თუმცა არავინ არ იცის, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.

სააკაშვილი ციხეში იცით რას ჰგავს? – ორლესილი ხმალი რომ გიჭირავს – ერთი მხრივ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაშვება რომ მოინდომოს, ეს იქნება სერიოზული დარტყმა მისი ამომრჩევლებისთვის, განსაკუთრებით რადიკალური ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მის დასჯას ითხოვენ. სწორედ მათ აზრს გამოხატავენ „ოცნების“ დღევანდელი ლიდერები. ყოველ შემთხვევაში ღარიბაშვილი და ის ადამიანები, ვინც წინა პლანზე არიან. მეორე მხრივ, მისი ციხეში დატოვებაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან არავინ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ამას და რა რეაქციას მოახდენს ამაზე ქართული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დიდი საჩუქარი რომ არ არის ხელისუფლებისთვის, ეს უკვე აშკარად ჩანს. ეძებენ გამოსავალს.

არჩევნების შემდეგ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სავარაუდოდ სხვადასხვა ვარიანტები გამოინახება და ამ კუთხით გარკვეული მოლაპარაკებები შეიძლება არსებობდეს უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის. იცით, რომ კახა კუჭავას ვიზიტი იყო უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზეც ისაუბრებდნენ.

ყველაზე საინტერესოა, რომ თავად სააკაშვილიც ცდის საზოგადოებრივი აზრის განწყობებს საქართველოში. ის ელოდება, გამოვა თუ არა ხალხი. ანუ, მაშინ შესაძლოა გათავისუფლდეს როგორც გმირი და ამ შემთხვევაში მას პრეტენზია ექნება არა მხოლოდ გათავისუფლებაზე, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაზეც კი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რატომაც არ უჭერენ სხვა ოპოზიციური პარტიები მის ამ დემონსტრაციას. მათ არ უნდათ სააკაშვილის ხელახლა დაბრუნება. რეალურად სააკაშვილი თამაშობს – ან ყველაფერი, ან არაფერი. როგორ დამთავრდება, ეს დამოკიდებულია საზოგადოების რეაქციაზე. თუ სააკაშვილის ეს ჩანაფიქრი წარუმატებლად დამთავრდა და ხალხი არ გამოვიდა, მაშინ ის მაინც იტოვებს უკან დასაბრუნებელ გზას უკრაინაში დაბრუნების თვალსაზრისით. მე მგონი თავად ხელისუფლებასაც არ სჯერა, რომ სააკაშვილი 6 წელი ციხეში დარჩება. ამიტომ, ცოტა ასეთი გაურკვეველი სიტუაციაა ამ ეტაპზე.

_ გახარიას როლს როგორ უყურებენ დასავლეთში? ამ პოლარიზაციის ფონზე ის ე. წ. შუაშისტის როლს თამაშობს. დასავლეთში დებენ მასზე ფსონს?

_ ჯერჯერობით მის პარტიას არ აქვს ისეთი კონტაქტები დასავლეთში, რომ მან სერიოზული რეზონანსი გამოიწვიოს. მას აქვს ახლადშექმნილი პარტია და ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმშია. ბევრი ელოდა, ორნიშნა ციფრს დადებდა ამ არჩევნებში. ეს ვერ მოხდა სხვადასხვა მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ის თუ როგორ მოახერხებს შეინარჩუნოს ეს პოზიცია შემდეგ არჩევნებზე და რამდენად მოახერხებს მისი პარტია საკუთარი პოზიციის კონსოლიდაციას მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს იქნება მნიშვნელოვანი. თუ მეორეჯერაც დააფიქსირა მან კარგი შედეგი და გახდა ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მერე შეიძლება გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმოს მის პარტიას და მის ფაქტორს. ამ ეტაპზე ჯერ ეს არ ჩანს. მართალია მესამე ადგილი ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან „ოცნება“ უმრავლესობას მეტ-ნაკლებად ისევ ინარჩუნებს საკრებულოებში.

_ ვადამდელი არჩევნები გამოირიცხება უკვე და ეს სამი წელი გარდამავალი პერიოდი იქნება?

_ ფორმალურად, ამ შედეგების შემდეგ იგივე შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე წესით ამ თემაზე საუბარი ცოტა ხანი არ უნდა იყოს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს. აქ როგორ წარიმართება პროცესი და რა კრიზისი იქნება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. აქედან გამომდინარე ბოლომდე არ ვიცით. იმიტომ, რომ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა გამოიწვიოს საკითხის ხელახლა გააქტიურება, ამიტომ არ არის გამორიცხული ეს საკითხი უფრო ადრეც მომწიფდეს, ვიდრე 2024-ში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...