“სააკაშვილის გარდა პარტიის არცერთ ლიდერს აქვს 100%-იანი ნდობა” – ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობაც დატოვა და პარტიაც. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გადაწყვეტილებები პარტიის ლიდერების მხრიდან მიიღებოდა, პარტიის წევრებთან შეთანხმების გარეშე და ასევე ის, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც წარსულში დატოვეს „ენმ“-ის სტრუქტურებშიც დაბრუნდნენ და პარტიის გარშემოც, რაც მისთვის მიუღებელია. მან წერილობითი განცხადება გაავრცელა და მედიას მიმართა, რომ ნუ დაუკავშირდებიან, რადგან ინტერვიუებზე უარს ამბობს.

ელოდა თუ არა გრიგოლ ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას, ვის გულისხმობდა ვაშაძე ოდიოზურ ფიგურებში და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძის გზა პარტიაში სხვებმაც აირჩიონ? ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საუბრობს:

_ როგორ შეაფასებთ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, როდესაც მან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა და პარტიაც. მან დაასახელა კონკრეტული მიზეზებიც. ელოდით მას?

_ მოულოდნელი იყო, რომ ის ამას იტყოდა და ასეთი ფორმით წავიდოდა, თორემ მის თავს რაღაცა რომ ხდებოდა, ნათელი იყო. იმიტომ, რომ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად არ გამოჩენილა პარტიაში. ბოლოს ის ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დადიოდა კონსულტაციებზე. გაღიზიანებული იყო, იმიტომ რომ ჟურნალისტებს წესიერად არ ეკონტაქტებოდა. ბოლო კონსულტაციაზე საერთოდ არ გამოჩნდა ჟურნალისტებთან და უკანა კარიდან გავიდა.

ვინაიდან ქუთაისში გაუყალბეს არჩევნები და ვერ მოიგო მაჟორიტარული ოლქი, ის თავად არ აპირებდა პარლამენტში შესვლას სიით, მაგრამ მხარს უჭერდა პარტიის შესვლას პარლამენტში, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო პარტიაში.

_ ანუ, ასე გამოვიდა, რომ თავმჯდომარე იყო პარტიის უმცირესობაში?

_ კი, ასე გამოვიდა. აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც თქვა კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა გადაწყვეტილებებიო, კაცი არ მოსულა პარტიაში. თუ ვინმეს ინტერვიუს მისცემს, თავად  დაადასტურებს ამას, რომ არ მოსულა პარტიაში და რა კონსულტაციებზე ლაპარაკობს?!

_ თუმცა, ისიც თქვა, რომ ინტერვიუებზე ნუ დამიკავშირდებითო.

_ ასე არ ხდება…

მინდა აქვე ვთქვა, რომ ნამდვილად კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანია. რასაც აქამდე ვამბობდი, ისევ იგივე აზრზე ვარ მის შესახებ, მადლობელი ვარ, რაც პარტიისთვის გააკეთა აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდად წავიდა და არასწორი რაღაცები თქვა პარტიასთან მიმართებით. ჩემი აზრით მან ტყუილი თქვა, როდესაც ის ამბობს, რომ კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა გადაწყვეტილებები. სჯობდა, გულწრფელად ეთქვა, რომ ის არ ეთანხმება პარტიის გენერალურ ხაზს. ეს არ არის პარტიის მხოლოდ ლიდერების გადაწყვეტილება, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება, რომ გაყალბებულ პარლამენტში არ შევიდეთ – ელემენტარულად მორალურ-ზნეობრივი გადაწყვეტილებაა.

ხალხმა ოპოზიციას დააკისრა ხელისუფლების როლი და ეს გაყალბებული არჩევნებითაც კი გამოიკვეთა, 52% აქვს ოპოზიციას ერთად. ამ ვითარებაში, როდესაც მაინც უმრავლესობა რჩება ხელისუფლებას, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა დანაშაულიც კი არის. აქედან გამომდინარე ეს არ ყოფილა ჩვენი პარტიის რამდენიმე ლიდერის გადაწყვეტილება. კაცმა მოიტყუა, არ მოსულა პარტიაში.

მას მიაჩნდა, რომ პარტია პარლამენტში უნდა შესულიყო, მაგრამ ის არ მოსულა, რომ ვინმესთან ან ედებატა, ან თავისი სტრატეგია წარმოედგინა.

_ ხედვა ცოტა ხნის წინ წარმოგიდგინათ რუსთავი 2-თვის მიცემული ინტერვიუს საშუალებით, რაც ასევე უცნაური იყო.

_ საკუთარ პარტიას პრესის საშუალებით არ უნდა ელაპარაკოს. ფაქტობრივად, როგორც თქვენ იკითხეთ, უბრალო უმცირესობაში კი არა დიდ უმცირესობაში დარჩა. გასაგები იქნებოდა თავმჯდომარეობიდან რომ გადამდგარიყო, თუ ვინმეს გუნდში თავისი თავი აღარ ესახება, როდესაც თავმჯდომარეობას ტოვებს, ეს არ ვიცი.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე თვითონაც დავრჩენილვარ უმცირესობაში, მაგრამ ამის გამო პარტია არ დამიტოვებია. ხან ისე ხდება ხან ასე. სტრატეგიულ საკითხზე არასდროს არ ყოფილა, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები 2016 წელს, როდესაც იყო განსხვავებები რაღაც-რაღაც საკითხებზე.

_ რაზე გქონდათ განსხვავებული  პოზიცია მაშინ?

_ მაშინაც იყო ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია.

_ თქვენ პარლამენტში შესვლას არ უჭერდით მხარს?

_ არა, ვუჭერდი. თუმცა, მაშინაც უმრავლესობის პოზიცია ასეთი იყო. ვცდილობ, გავიხსენო, რაიმე სტრატეგიულ საკითხზე როდის არ ემთხვეოდა ჩემი პოზიცია პარტიაში უმრავლესობის პოზიციას. სტრატეგიულ საკითხზე არასდროს ყოფილა, მაგრამ ცალკეულ საკითხებზე ხშირად ხდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად წავიდა პარტიიდან, არ ვაპირებ მასზე ცუდი ვთქვა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მოწყდა პარტიას და თუ თვლიდა, რომ სხვა რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე უნდა ემსჯელა გუნდთან ერთად – სამდივნოში ან პოლიტსაბჭოს ფორმატში. ალბათ იცით, რომ პოლიტსაბჭოს არ დაესწრო. გვეგონა, რომ ემოციურად გადატვირთულიაო და უცბად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

_ მან თქვა, რომ ოდიოზური ფიგურები დავტოვეთ წარსულში, მაგრამ ისინი ისევ პარტიაში არიანო. ვის გულისხმობდა? ვინ დატოვეთ წარსულში და დღეს ისევ ვინ დაბრუნდა?

_ არ ვიცი, თვითონ უნდა თქვას.

_ მერაბიშვილს ხომ არ გულისხმობდა?

_ არ ვიცი, თვითონ უნდა თქვას. მე ხომ ვერ ვიმარჩიელებ. მე კი ვიცი ვის მიმართ შეიძლება ჰქონოდა სიმპატია და ვის მიმართ ანტიპატია, ეს გასაგებია, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ამაზე ვილაპარაკო მის მაგივრად. დიდი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“, მოძრაობაა და არ არის კლასიკური გაგებით სტრუქტურირებული პარტია. ბევრი მიმდინარეობებია, დინებებია, ჯგუფებია. ამხელა ორგანიზაციაა, რომელმაც გაუძლო ტერორს.

_ დიპლომატებზე შეტევა ხომ არ გახდა მისი გადაწყვეტილებისთვის წყალგამყოფი?

_ ნაციონალური მოძრაობიდან იყო რამე ასეთი?! რა შუაშია ამაში ნაციონალური მოძრაობა?!

_ საინტერესოა, ელჩებთან მიმართებით თქვენ რა პოზიცია გაქვთ, ემიჯნებით მათ ლანძღვას თუ კრიტიკას?

_ გააჩნია, რომელ განცხადებებს გულისხმობთ?

_ მიდის კრიტიკა, რომ თითქოს „შეკრულია“ კელი დეგნანი ივანიშვილთან მის საქმეს აკეთებს და ა. შ.

_ არა მგონია, რომ ვინმეს გამოეყენებინოს „შეკრულია“.

_ შესაძლოა ვუტრირებ, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს.

_ თუ ფაქტი არ მაქვს ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი. მოკლედ რომ გითხრათ თავდასხმის წინააღმდეგი ვარ, კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. ეს არის ფორმულა. ეს არის დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ვიყოთ. დასავლეთი არ იქცევა ჩვენი უფროსივით, როგორც ამას აკეთებს რუსეთი, რომელსაც უნდა, რომ ჩვენი „ნაჩალნიკები“ იყვნენ. დასავლეთს უნდა, რომ პატივსაცემ ოჯახში ვიყოთ პატივცემული წევრები. ამ საზოგადოებაში სიმართლის თქმა და კრიტიკა წახალისებულია, ხოლო თავდასხმა მიუღებელია.

როგორ შეიძლება თავს დავესხათ იმ ქვეყნის ელჩებს, რომლის წყალობითაც ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად საქართველო დარჩა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. გვერდში გვიდგანან ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე, მხარს გვიჭერენ დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ა. შ. მათზე თავდასხმა ნამდვილად არ შეიძლება.

_ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით პარტიის ზოგიერთი წევრის მხრიდან მწვავე განცხადებები გაკეთდა. პარტიის ერთ-ერთმა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რუსეთთან კავშირები გაიხსენა. ზვიად კუპრავამ თქვა, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ვაშაძე და შეცდომაა დღესაც. სწორია, როდესაც პარტიიდან წასულ თავმჯდომარეზე ასე საუბრობენ და ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა კიდევ გავიდეს ვინმე პარტიიდან?

_ ჩემი შეფასება მის მიმართ ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში. შეიძლება ვიღაცას მოსწონდა ვიღაცას არა, მაგრამ მე მის მიმართ ტალახის სროლას არ ვაპირებ. პარტიაში არ არსებობს არცერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომელსაც 100%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდეს.

_ სააკაშვილს 100%-იანი მხარდაჭერა აქვს?

_ 100%-იანი მხარდაჭერა და სიმპატია რომ ჰქონდეს გაგიკვირდებათ?

_ არ გამიკვირდება, უბრალოდ კითხვას ვსვამ.

_ მე ასე მგონია. ვინმე გულში თუ სხვა რამეს ფიქრობს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი არ არის.

პარტიიდან სხვების შესაძლო წასვლას რაც შეეხება, სხვაც თუ ისე ფიქრობს, როგორც ბატონი გრიგოლი, ეს მე არ მგონია, მაგრამ ვერაფერს ვერ გამორიცხავ ამ ქვეყანაზე.

ბოლოს ვიტყვი, რომ სამწუხაროა, რომ ასე მოიქცა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი. „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს 700 000-მდე ამომრჩეველი, ნაწილის ხმები კი მოგვპარეს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და არა 1, 2 თუ 3 ადამიანი. თითოეულ ადამიანს ვაფასებთ. ჩანს, რომ პარტიას აქვს აღებული გენერალური ხაზი აღებული, რაც ჩემი ღრმა რწმენით სწორია. თუ ვინმე ამ ხაზს არ დაეთანხმება, შესაძლოა ის ჩამოშორდეს პარტიას. დარწმუნებული ვარ ეს ხაზი გაიმარჯვებს, ეს არს სწორი გზაც, მორალურადაც და სამართლებრივადაც სწორი. ამას დასჭირდება სირთულეების გადალახვა, ნერვები, გამძლეობა, მოთმინება, ვაჟკაცობა, დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...