“სააკაშვილის ექსტრადიციაზე შესაძლოა უკრაინამ საქართველოს სტრასბურგში უჩივლოს” – ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი მის ციხეში ჩასმას სამართლიანად თვლის, მეორე ნაწილი კი ამის უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს. მით უფრო გააჩინა ეს განცდა პრემიერის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ თუ ჭკვიანად არ იქნება საზღვრის უკანონო კვეთაზეც დაუმატებენ სასჯელს. უკრაინა მის ექსტრადიციას ითხოვს, ქართული მხარე კი ჯერჯერობით ამას არ აპირებს.

არის თუ არა სააკაშვილი პოლიტპატიმარი? ექსტრადიციის შემთხვევაში შეუძლია თუ არა უკრაინის პრეზიდენტს მისი შეწყალება, რა მექანიზმი აქვს უკრაინას მოითხოვოს მისი ექსტრადიცია და შეწყალების გარდა კიდევ რა მექანიზმით შეიძლება გათავისუფლდეს ციხიდან? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში იურისტი ლია მუხაშავრია საუბრობს:

_ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი?

_ რა თქმა უნდა არის. იმიტომ, რომ მისი უახლესი ბიოგრაფია ამბობს, რომ ის იყო მაღალი თანამდებობის პირი. ის დაპატიმრებულია დღეს იმ ე. წ. დანაშაულისთვის, რომელიც თითქოსდა მან ჩაიდინა, როგორც პრეზიდენტმა და ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა არც მეტი არც ნაკლები სასამართლომ, რომლის მართლმსაჯულებაშიც თითქმის ყველას ეჭვი გვეპარება.

_ ე. წ. დანაშაულში, რომელს გულისხმობთ?

_ იმ საქმეებს, რომელიც მას წაუყენეს და რის გამოც აქვს მისჯილი პატიმრობა. იგივე პიჯაკების საქმე ხომ აბსურდია?!

_ გირგვლიანის საქმეც აბსურდია, რომელშიც შეწყალებას ედავებიან?

_ გირგვლიანის საქმეზეც სადავოა. მარტო სააკაშვილისთვის არ უნდა მოეკითხათ მაშინ პასუხი. თუკი ამ საქმისთვის უნდა დასჯილიყო, იქ რა თქმა უნდა, მარტო სააკაშვილი არ არის შუაში. ვინც ეს შუამდგომლობა მოუმზადა და სხვა თანამდებობის პირებიც, ვინც ამ საქმეში გარეულები იყვნენ.

_ მათ შორის ის მოსამართლეებიც, ვინც თავის დროზე მონაწილეობდნენ ამ საქმის ფალსიფიცირებაში და დღესაც სისტემაში არიან?

_ რა თქმა უნდა. არცერთ მოსამართლეს პასუხი არ უგია. მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ დარღვევებს სასამართლო განხილვის დროს.

_ მის საქმეების განხილვას თავი რომ დავანებოთ. უკრაინის თემაზე გკითხავთ. უკრაინა ითხოვს სააკაშვილის ექსტრადიციას. მართალია, რომ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არ გადასცემენ სააკაშვილს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ უკრაინაში დააბრუნეს ექსტრადიციის გზით, აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შეიწყალოს ის?

_ უკრაინის პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ შეიწყალოს. მათ შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენ მოქალაქეს სასჯელს ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მოვახდევინებთო და ამისთვის გადმოგვეცითო, მაგრამ მერე შეუძლია ზელენსკის შეიწყალოს. ვეჭვობ, რომ ეს ასეც მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა წინასწარ, ისე, რომ მისთვის არავის მიუმართავს შეწყალების თხოვნით, გააკეთა სრულიად დაუჯერებელი განცხადება ჩემთვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს. წინასწარ რა იცის, იქნებ რა მოტივით სთხოვენ შეწყალებას.

_ საერთაშორისო სამართალი ასეთ ნორმას ცნობს, რომ საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე შესაძლოა შეიწყალოს უკრაინის პრეზიდენტმა?

_ იცით რა არის? პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება არის დასაშვები და პატიმარი სად იხდის სასჯელს, იმ ქვეყნის პირველ პირს აქვს შეწყალების უფლება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ უკრაინა მისცემს პირობას, რომ გადმოგვეცით ჩვენი მოქალაქე და ჩვენთან მოიხდის სასჯელს, მას შემდეგ, რაც ის აღმოჩნდება უკრაინის ტერიტორიაზე, პრეზიდენტს აქვს უფლება ის შეიწყალოს და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

_ თუმცა, თუ ასეთი პირობა იქნება, რომ ჩვენთან მოიხდის სასჯელსო და მაინც შეიწყალებს ზელენსკი, შემდეგ დიპლომატიურ დონეზე რაღაც დაძაბულობა არ იქნება?

_ არა მარტო დიპლომატიურ დონეზე, სამართლებრივადაც შეიძლება. შესაძლოა, რომ ეს საკითხი სტრასბურგში წავიდეს. მართალია, რომ ეს შესაძლოა წმინდა წყლის ექსტრადიციის ქეისი არ არის, მაგრამ ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულების პროდუქტი – გამამტყუნებელი განაჩენი აშკარად ვერ პასუხობს საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს სამართლიანი სასამართლოს უფლების თვალსაზრისით, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მისი გადაცემა უკრაინისთვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იქნას მიჩნეული.

_ ანუ, თუ ქართული მხარე ექსტრადიციაზე უარს იტყვის, შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს საქმე ამ მოთხოვნით?

_ დიახ, შეიძლება მოითხოვონ ეს. უკრაინამ უჩივლოს საქართველოს ამ საკითხზე. სახელმწიფოს აქვს უფლება მეორე სახელმწიფოს უჩივლოს და მოითხოვოს მისი მოქალაქის გადაცემა სასჯელის მოსახდელად. მით უმეტეს სააკაშვილი არ არის რიგითი მოქალაქე. ის არის უკრაინის პოლიტიკური თანამდებობის პირი.

_ საქართველოს არ შეუძლია უჩივლოს უკრაინას თუ ზელენსკი შეიწყალებს ექსტრადირების შემთხვევაში და ექსტრადიცია მოხდა იმ პირობით, რომ სააკაშვილი სასჯელს უკრაინაში მოიხდიდა?

_ არა მგონია. შეუძლია უჩივლოს, მაგრამ არა მგონია ეს ჩაითვალოს სერიოზულ დარღვევად. იმიტომ, რომ ის განაჩენები, რომელიც გამოტანილია სააკაშვილის მიმართ, ვერ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის სტანდარტებს. ეს არის აქ საფუძველი.

_ გარდა პრეზიდენტის შეწყალებისა, სააკაშვილის გათავისუფლების რა საფუძვლები არსებობს?

_ ეს განაჩენი აუცილებლად განიხილება სააპელაციო სასამართლოში, დაპატიმრების შემდეგ დასწრებით და მას შეუძლია გაამართლოს და ის გამამტყუნებელი განაჩენები შეცვალოს.

_ პარლამენტს თუ შეუძლია მიიღოს ამნისტია?

_ ალბათ შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი ამნისტია სრულად არ ათავისუფლებს ხოლმე. თუმცა, ვერ გეტყვით – ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი ამნისტია გამოვა.

_ სტრასბურგამდე თუ მივა საქმე და მოხდება თუ არა მისი განხილვა სწრაფად, ვინაიდან საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს?

_ ვერ გეტყვით ამასაც. იმიტომ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტული იურიდიული დასაბუთებით სჭირდება გასაჩივრება. მე არ ვარ სააკაშვილის ადვოკატი და ეს არის მისი ადვოკატების თემა. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, რადგან შესაძლოა სულ სხვა არგუმენტაციით გასაჩივრდეს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...