სააკაშვილი: სამართლიანი სასამართლო საქართველოში არც მეფეების დროს ყოფილა…

“სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ ყოფილა არც ქართველი მეფეების დროს, არც რუსი მეფის დროს, არც ნოე ჟორდანიას დროს, კომუნისტების დროს ხომ არ ყოფილა და არ ყოფილა, შევარდნაძის დროს სამართლიანი სასამართლო კი არა, სასამართლო საერთოდ არ იყო.” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან “მთავარ აქცენტებში”.

“ჩვენი მთავარი დამსახურება იცით, რა არის? – ჩვენ ვართ, პირველები, ვის დროსაც მთავარი თემა გახდა, უნდა იყოს თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი. ესე იგი, იმდენად მოვაგვარეთ ყველა სხვა პრობლემა, რომ საზოგადოებამ მოიცალა სასამართლოსთვის. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე ინტერვიუში, ის ივანიშვილის მიერ დაანონსებულ წყალტუბოს განვითარების პროექტსაც შეეხო.

“კაცი მოდის და გეუბნებათ, ვიღებ წყალტუბოს, მიმაქვს წყალტუბო. წყალტუბოს ის სანატორიუმი ღირს მინიმუმ 700 მილიონი დოლარი…”

ნიკა გვარამია: ერთი სანატორიუმი ღირს 700 მილიონი?

სააკაშვილი: არა, ყველა, ოთხივე…

რა არის ახლა წყალტუბო, გეტყვით: სტალინს ჰქონდა “პადაგრა” და  სტალინს, რომელსაც ეზიზღებოდა საქართველო და საერთოდ აღარ ჩამოდიოდა, უთხრეს, რომ მოგიხდება წყალტუბოო. ომის შემდეგ ჩამოიყვანეს მუსოლინის საუკეთესო არქიტექტორები და ააშენეს ოთხი უნიკალური სასახლე.

ესენი რომ დავინახე, პირველი რაც გავაკეთე, გამოვიყვანეთ იქედან დევნილები, ავაშენეთ სახლები. მერე ვთქვით, რომ ახლა აქ შევქმნით სამუშაო ადგილებს იმისათვის, რომ ესენი დასაქმდნენ, მერე წავედით ბადენბადენში და ავიღეთ ზუსტი ასლი კარაკალასი და ვაშენებდით რომაული აბანოების გათანამედროვებულ ვარიანტს.

რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ვდებდით ამაში და ავიღეთ სესხი მსოფლიო ბანკისგან. მერე ვუთხარით ერთ-ერთ ქართულ ბიზნესჯგუფს, რომ გაეკეთებინათ სასტუმრო ინტერკონტინენტალი და წავედით მამუნიაში, რომელიც ითვლება მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროდ და ვთქვით რომ წყალტუბოს ინტერკონტინენტალი იქნება ზუსტი ასლი მამუნიასი, ბევრად უფრო თანამედროვე ოღონდ. ეს ყველაფერი, ნახევრად იყო გაკეთებული” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად