სააკაშვილი: რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო “რუსთავი 2” და ახლა მიაქვს, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას.

რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს „რუსთავი 2“, ახლა ივანიშვილს მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად, მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს?

მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...