სააკაშვილი: რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ?! ასეთ რამ შევარდნაძის დროსაც კი არ იყო საქართველოში წარმოსადგენი

“რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ?! ასეთ რამე შევარდნაძის დროსაც კი არ იყო საქართველოში წარმოსადგენი, ჩვენ დროზე აღარ ვლაპარაკობ. ასეთი რამე შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მაგრამ საქმეც ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

“საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი. და რითი არის დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუსი? იმის მაგივრად, დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი სხედან შტატებში ივანიშვილის დავალებით, წინ უდევთ სიები მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებული არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით.

გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში ისე, რომ გზაში არავინ გააჩერა, რატომ, იმიტომ რომ იქ იყო დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი აქცია, მთელი სუსი და პოლიცია გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე, მარშუტკა არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და აღარ ეცალათ კრიმინალებისთვის.

შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა, ეს არის არა მხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა. ეს ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს. ეს გააკეთა იმან, ვინც მოვიდა რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს. ჩვენ ამას ყველანი ერთად არ დავუშვებთ, საქართველო ამას არ დაუშვებს. ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებაში და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად