სააკაშვილი: ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

“ეს არის ცნობილი უკრაინული კურორტი – მირგოროდი, უკრაინის ცენტრში და ეს არის დავით გურამიშვილი, დიდი ქართველი და ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო უკრაინის და საქართველოს მეგობრობის. ალბათ, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის რაღაც სიმბოლო მეც ვარ, მაგრამ დავით გურამიშვილი იყო ადამიანი, ვინც სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო გადაიხვეწა უცხოეთში, აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის არმიაში, სახელოვნად იომა და დაჭრილი, უკვე გაუბედურებული პრაქტიკულად სასიკვდილოდ ჩამოვიდა აქ და ახალი ცხოვრება დაიწყო. აქაურმა წყალმა, ბუნებამ მისცა საშუალება, რომ პრაქტიკულად ახალი ძალით აღვსილიყო, შექმნა ოჯახი, გაუჩნდათ შვილები და რამდენიმე ათეული წელი – 50 წელი იცხოვრა უკრაინის ამ ლამაზ ქალაქში და დატოვა ძალიან დიდი კვალი. ასე აღმოჩნდა დავითიანი და მისი მემკვიდრეობა საქართველოში. რომ არა ეს ფაქტი, საქართველო შეიძლება დარჩენილიყო გურამიშვილის პოეზიის გარეშე. რამდენი დავკარგეთ ალბათ ასე. ეს არის ჩემთვის იმის მაგალითი, რომ საქართველოს არა ჰყავს დასაკარგი შვილები!..
ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ჭაობიდან ქვეყანა, გაამარჯვებინოს ჩვენს ქვეყანას და აქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ. ეს ჩვენ აუცილებლად გამოგვივა! ჩვენი გამარჯვება არის სულ ახლოს! “,-აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად