“სააკაშვილი პატრიარქთან არ გვინახავს თუ ეკლესიებზე მზრუნველი?!” – ინტერვიუ გია ბარამიძესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გააკეთა პოპულისტური არ ყოფილა. საუბარია განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჯვარს ატარებს, ხოლო გიგა ბოკერია ყველაფერს ტრადიციულს ებრძვის.

ბარამიძემ ამის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ პატრიარქთან არ გვინახავს სააკაშვილი, ეკლესიაში თუ ეკლესიებზე მზრუნველი?! მისი თქმით, არც ისაა სწორი, რომ სააკაშვილმა ირმა ინაშვილის ნარატივი გაიმეორა.

გია ბარამიძე: მე ვთვლი, რომ ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც ჩემი აზრით სახელმწიფოებრივად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

პირველი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით. ბევრი საუბრები იყო, რომ აი ვიღაცა რაღაცა ძალადობას აპირებს და ა. შ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ პროტესტსაც და თუნდაც მანიფესტაციებს მოსდევს არჩევნები და ასევე ეს პროცესი უნდა დასრულდეს საარჩევნო გზით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად მისი განცხადებებისა გიგა ბოკერიასთან მიმართებაში, რაზეც მან გამოხატა თავისი აზრი და ნამდვილად არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დევნილი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

_ არ გეუბნებით, რომ გააკრიტიკოთ. მე გეკითხებით, თანხვედრაშია თუ არა თქვენთან, როგორც ერთ პოლიტიკოსთან მიხეილ სააკაშვილის აზრი?

_ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენივე აზრების გამოხატვის თავისუფლება. თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს მისი გამოხატვის გზა და სტილი აზრის გამოხატვისა.

_ ასე გამოდის, რომ არ ეთანხმებით?

_ მთავარი ჩემთვის ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას ქვეყნის შიგნით ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე. ისეთი გამოწვევები როგორიცაა ოკუპაცია, სიღარიბე, გაჭირვება, უმუშევრობა, ქვეყნიდან გაქცეული ხალხი, უიმედობა, ლარის კურსი და ა. შ. ამ პრობლემების გადაჭრას ითხოვს საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. ამის მთავარი პრობლემა კი ივანიშვილია.

_ ეს გასაგებია და ივანიშვილის თემაზე არაერთხელ გვისაუბრია.

_ ამ შემთხვევაში აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ერთიანობაა საჭირო.

_ როგორ უნდა მოხდეს ერთიანობა იმ ვითარებაში, რა აქცენტებსაც სვამს სააკაშვილი?

_ სააკაშვილმა თქვა თავისი დამოკიდებულება ბოკერიასთან მიმართებაში, მაგრამ ისიც კი თქვა, რომ ბოკერიასთან ითანამშრომლებს, როდესაც მას ჰკითხეს რომ თუ ითანამშრომლებს ბოკერიასთან, სხვა ძალებთანო, ხაზარაძე იყო ნახსენები და ა. შ. მან თქვა, რომ მთავარია ერთიანობაო.

_ მის განცხადებებში თანმიმდევრულობა დაინახეთ? საუბრობთ, რომ მან თქვა, რომ რევოლუცია გამორიცხაო, მაგრამ მეორე მხრივ მან ისიც თქვა, რომ ხალხი გასწევს ამ ხელისუფლებას გვერდზეო. ანუ მის პოზიციებში ორაზროვანი განცხადებები არ იყო?

_ ჩემი ინტერპრეტაციით როგორც ეს აღვიქვი არის ის, რომ ივანიშვილს ჩვენ არჩევნებამდე უნდა მოვუგოთ არჩევნები იმით, რომ დავინახოთ საზოგადოებას მას არ მისცემს არჩევნების ისე გაყალბებას, როგორც მას ეს აქვს დაგეგმილი. ხელი შევუშალოთ იმაში, რომ მან შეძლოს არჩევნების ყიდვა, გაყალბება, დაშინება და ამ მეთოდებით ხელის გადაგრეხვა საზოგადოებისთვის. ჩემი ხედვით მან ამაზე ისაუბრა. ვინ როგორ გამოვთქვამთ ამას და როგორ აღიქვამს ეს სხვა საკითხია. იმიტომ, რომ ვიცი მისი მოსაზრებები.

_ შესაძლო პრემიერობაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა. ვინაიდან საუბრობთ ხოლმე მასთან, გეცოდინებათ მისი დამოკიდებულება, ასევე გვითხარით როგორ ხართ შეჯერებული კოალიციაში?

_ მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია ეს, რადგან დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საუბარი ცოტა უხერხულიც კია. რა დროს პრემიერ-მინისტრზე საუბარია?! რეალურად ისიც კი არ ვიცით, ივანიშვილი შეასრულებს თუ არა თავის სიტყვას და პროპორციულ სისტემაზე გადავალთ თუ არა. გვახსოვს, რომ კობახიძემ ადრეც დადო ვენეციის კომისიის წინაშე ეს პირობა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და თქვეს, რომ მაჟორიტარებმა ხმა არ მოგვცესო.

ზოგ-ზოგიერთმა უკვე პოსტების განაწილებაზე დაიწყო საუბარი.

_ ვის გულისხმობთ?

_ ვინც ამაზე აკეთებს აქცენტს და ამაზე საუბრობს. ჯერ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და მიუხედავად განსხვავებულობისა, უნდა მივაღწიოთ ყველა პროდასავლური ძალის ჩართულობას არჩევნებისთვის მომზადების პროცესში, საზოგადოების დარაზმვის პროცესში და არჩევნების ერთიანობის პროცესში. თუმცა, ადრეც არაერთხელ ჩატარებულა არჩევნები, როცა პარტიებს წინასწარ ჰქონდათ დასახელებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები.

როდესაც პარტიები შევლენ პარლამენტში, გამოჩნდება ვის რამდენი მანდატი აქვს და ალბათ კონსესუსის საფუძველზე მოხდება პოზიციაზე შეჯერებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ მანამდეც თქვან პარტიებმა და ამაში დრამატულს ვერაფერს ვხედავ. მე პირადად არ ვიჩქარებდი. ამიტომ, გუშინდელ ინტერვიუში რომ არ დაუსახელებია სააკაშვილს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გასაკვირი არაა.

_ მან სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი და ამან წარმოშვა კითხვები.

_ არ თქვა. მე ვფიქრობ, რომ შეგნებულად არ თქვა. მას ჰკითხეს ვინ მიგაჩნიათ პრემიერობის კანდიდატადო და არ თქვა.

_ არა, სხვა ფორმულირებით იყო დასმული შეკითხვა. იქნებით თუ არა თქვენ პრემიერიო, ასეთი ფორმულირებით იყო დასმული კითხვა.

_ უამრავი საკითხია გასარკვევი და რა დროს ამაზე საუბარიაო. ის არის საქართველოს პატრიოტი და ასეთი აქტიური ადამიანი, მოსწონს თუ არა, ის არის პუტინთან მებრძოლი მთავარი ფიგურა და ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მე მგონი ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რაც არ უნდა ოპონენტი იყოს. ასეთი ფიგურის რაიმე პროცესიდან გამორთვა რამდენად ლოგიკურია. ის არ გეგმავს, მაგრამ დანამდვილებით თავისი თავი გასწიოს გვერდზე, თუ საზოგადოებისთვის იქნება საჭირო, არ იქნება მართებული. თვითონაც ეს თქვა, რომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს ამასო.

_ მან როდესაც წამოიწია რელიგიის თემა, ტრადიციები და ა. შ. რა საჭირო იყო? ხომ არ იყო მისი მხრიდან პოპულიზმი?

_ არა, არანაირი პოპულიზმი ეს არ არის. ხაზგასმაა ჩვენი ტრადიციების მიმართ პატივისცემისა. მან ეს გააკეთა იმ ფორმით, როგორც ეს მან საჭიროდ ჩათვალა. კი, თქვენ სხვანაირად გააკეთებდით და მე სხვანაირად, ეს სხვა თემაა. ჩვენი სარწმუნოებისადმი პატივისცემის ხაზგასმა და საერთოდ რელიგიური გრძნობებისადმი, მე მგონი ახალი არ არის. მიხეილ სააკაშვილი ეკლესიაში არ გვინახავს თუ პატრიარქთან, პირჯვრის გადამწერი, ეკლესიებზე მზრუნველი თუ რა? ვის რა გაუკვირდა? შესაძლოა, რიტორიკულად ცოტა სხვანაირად გამოხატა ეს ყველაფერი. მაგრამ, ახალი ფუნდამენტურად არაფერი ყოფილა. ერთადერთი შესაძლოა ვიღაცისთვის სადაო იყოს, ვიღაცისთვის მოსაწონი მისი დამოკიდებულება გიგა ბოკერიას მიმართ.

_ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მან ბოკერიაზე საუბრით ირმა ინაშვილის ნარატივი გაიმეორა.

_ არა. მიხეილ სააკაშვილის შედარება ინაშვილთან, ჩემი აზრით ძალიან უხერხულია. შევხედოთ რატომ აკრიტიკებს ინაშვილი ბოკერიას და სააკაშვილი რატომ.

ინაშვილი იმიტომ აკრიტიკებს, რომ მიაჩნია ბოკერია უნდა ჰყავდეს პროდასავლური პოლიტიკის საგინებლად, ამ კუთხით აგინებს როგორც „მეხუთე კოლონა“. სააკაშვილს კი უნდა იდეოლოგიურ განსხვავებებზე საუბარი. უბრალოდ ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანზეა საუბარი, ოღონდ სხვადასხვა კუთხით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...