სააკაშვილი: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 2020 წელს, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას.

“ბავშვებს დათხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის?! იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს, პრაქტიკულად დღეს დაპატიმრებები დაანონსა, “მოკეტოს” “რუსთავი 2”-მა, ყველასთან “გააიასნოს” სიტუაცია და 2020 წელს რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს. ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას, რათა 2020 წელს საბოლოოდ ჩაიგდოს ჯიბეში საქართველო.

ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელს მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად? ერთი რამ სრულიად ნათელია, ივანიშვილი პანიკაშია, მაგრამ ახლა ვინც ამას დათანხმდება, აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდია”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, “პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...