სააკაშვილი ხაზარაძეზე: ვირო მადლიო! ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი

ვირო მადლიო! ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი,-ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TBC ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ წინა ხელისუფლება თითქოს მას ქონებას ართმევდა.

“ვირო მადლიო-აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი. როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს: 2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პოლიტიკაში ჩართულმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ქონებას ართმევდა.

“2003 წელს “ნაციონალებს” მე ხმა მივეცი. იმიტომ, რომ მინდოდა ქვეყანაში რაღაც ცვლილება ყოფილიყო და 2003 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ და 3 წლის განმავლობაში პროკურატურაში დამატარებდნენ. თუ ის არის პროვილეგია, რომ მათი მმართველობის ბოლოს ქონებას მართმევდნენ და პროკურატურაში შუშის სპეციალური ოთახები რომ არის, იქ მკითხავდნენ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რატომ არ გააკეთა მაშინ განცხადება და ბიზნესს წინა ხელისუფლების დროს უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდა? – პასუხობს:

“ჩვენ სტრუქტურაში გვყავს საერთაშორისო ინვესტორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩემზე სს საქმეს აღძრავდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვეზიანებინა ან ინვესტორების, ან დეპოზიტარების ინტერესები. ხელსეკრულებით ვართ შეზღუდულები. დღეს იმიტომ კი არ ვალაპარაკობ, რომ გუშინ არ მინდოდა ამის ლაპარაკი. მე როდესაც დავტოვე ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულება მომეხსნა. მაშინ ვერ ვხმაურობდი ისე, როგორც მინდოდა.

მე მათ არ დავუთმე ქონება, ეს არ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქონება ჩემთვის, მაგრამ ეს იყო პრინციპული საქმე რომ არ დავთმე. მთავარია მე ვიყო ჩემს პრინციპებთან მართალი, გამოვალ თუ არა ჟურნალისტებთან და გავაკეთებ თუ არა განცხადებას, ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემს პრინციპებთან ვიყო მართალი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად