სააკაშვილი ”იმედის” ეთერში გასულ ფილმზე: ლალიაშვილი პუტინის მარჯვენა ხელი იყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ფილმს “რუსულ დავალებას” უწოდებს და აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი ნიკა ლალიაშვილი ვლადიმერ პუტინის “მარჯვენა ხელი” იყო.

“მათ მინდა ვუთხრა, ვისაც ეს შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება ჰგონია. ხაბურძანია (ვალერი ხაბურძანია) პუტინის კაცი იყო, მან ეს პირადად მითხრა. ლალიაშვილი მისი მარჯვენა ხელი იყო, ის რა თქმა უნდა, რუსებთან არის კავშირში. ის როგორც ამ დღეებში აქტიურობს, ასე იყო თავის დროზე გაერო-ში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ჩანერგილი, ასევე “კაგებეშნიკ” პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო “კაგებეს” წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში. ეს ყველამ იცის, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა. ეს ხალხი აქტიურობს დღეს, ეს არის რუსული დავალება.

ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი: რუსეთი ამზადებს საფუძვლებს და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში, მას შემდეგ, რაც წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით იმუშავა, ქართველ სამხედროებს ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი წაუყენონ. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს. ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. უნდათ, საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენონ, რომ ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრი.

პირველი საფუძველი ჰააგაში საქართველოს გამტყუნებაა, მეორე, რასაც პუტინი ამზადებს, ეს არის ე.წ სამხრეთ ოსეთის და სინამდვილეში შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოოდ მიტაცება”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...