სააკაშვილი დედის კარანტინში გადაყვანას აპროტესტებს: უტას ეკუთვნის პრივილეგია და გიულის არა?!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თბილისის აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს, რასაც სააკაშვილი აპროტესტებს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

„იმედია კარგად ხართ და ასეც უნდა იყოს. მე მინდა უბრალოდ გაგიზიაროთ ერთი ისტორია, იმიტომ რომ არასდროს მიწუწუნია ჩემ ოჯახურ საკითებზე, ჩემ ნათესავებზე, მაგრამ მე მგონი ეს ეხება არა მარტო ჩემი ოჯახის წევრს, არამედ ზოგადად ბევრ ქართველს, ვინც ამ დღეებში აღმოჩდა საქართველოს გარეთ, ბრუნდება საქართველოში.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ დედაჩემი, მას შემდეგ რაც გაიჭედა კიევში, აღარ იყო რეისები, ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპი“, ეს ის კომპანიაა, რომლის დახმარებით უფასო გადაყვანის ორგანიზება ჩვენ შევძელით ქართველებისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა. ამჯერად ჩვეულებრივად აიღო ბილეთი, თუ არ ვცდები 230 ევრო და ჩაფრინდა თბილისში. მოხდა ისე რომ ფრენის დროს მას მოუვიდა ჰიპერტონიული კრიზი, ძალიან მაღლა აუვიდა წნევა,  ახლა პატარა გოგო არ არის…  აეროპორტში რომ გამოვიდა ეგრევე უთხრეს, ეგრევე ჯდებით ავტობუსში და მიგვყავხართ კახეთში. ამ დროს იყო ძალიან ცუდად, აკრიფა ყურმილი, ვერ ვლაპარაკობო… ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა რაღაცნაირად უნდა უთხრაო, რომ ასე კახეთამდე ვერ ჩავაღწევო. ამ დროს მესმის, ქალბატონო ნუ ჩერდებით, გაიარეთ, გაიარეთ, უნდა გახვიდეთ, მიდიხართ კახეთში.

მე ვუთხარი გადაეცი ვინც არის, მე დაველაპარაკები თქო,  პატრულიაო მითხრა და აწვდის, ჩემი შვილი აგიხსნით და ის პასუხობს მჭახე ხმით – არა! არ მაქვს უფლება ვინმეს დაველაპარაკო! ახლავე გაიარეთ და ჩაჯექით ავტობუსში!

მე მინდა ვუთხრა ამ პატრულის თანამშრომელს, სხვათაშორის მისი სახელი და გვარი გავიგე, დოქსოპულო შენ დედა გყავს საერთოდ?! ასე ეპყრობით თქვენ საკუთარ მოქალაქეებს?

ამის შემდეგ, მაინც თქვა დედაჩემმა, ვერ მივდივარო, ცუდად  ვარო, სასწრაფო არ მოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩემ მიერ აშენებულ ტერმინალში,  1 საათის განმავლობაში. მე არ ვიცი მსოფლიოში, ყველაზე ჩამორჩენილი აფრიკულ ქვეყანაში იყოს აეროპორტი, სადაც არ იყოს მორიგე ბრიგადა, რიცა შეიძლება ადამიანი გათავდეს… 1 საათი არ მოვიდა სასწრაფო.

კახეთში ვეღარ წაიყვანეს, რადგან ვერ დგებოდა ფეხზე, კიდევ კარგი მეგობარმა შემოაწოდა წამლები რომლებიც ჭირდებოდა, მოეხსნა ეს წნევა, შედარებით დაუვარდა.

მერე გადაიყვანეს თბილისში, სასტუმროში სადაც ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა. ახლა არის კარანტინში. მაგრამ, მე მინდა ვკითხო ყველას, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა რომ ჩამოვიდა და პირდაპირ სახლში გაიშვეს, დედაჩემი და ყველა სხვა ადამიანი მეორე ხარისხოვანი მოქალაქეებია საქართველოში და უტას ეკუთვნის და გიულის ან სხვებს არ ეკუთვნის?!

თუ დეპუტატებს, რომლებიც ჩამოდიან, უამრავი შემთხვევა ვიცით, ეგრევე პირდაპირი უშვებთ სახლში, დედაჩემი იმავე სახლში ბოლო 50 წელი ცხოვრობს მარტო, ხანდახან აკითხავს თავისი მეგობარი და ეხმარება, ბოლოსდაბოლოს არც მიაკითხავს და ცნობას აიღებს ის მეგობარიც, სრულიად შეუძლია იყოს თვითიზოლაციაში ცალკე. მასზე რატომ არ ვრცელდება ეს წესები და სხვებზე რატომ ვრცელდება? ნუთუ ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში რაღაც პატარა ჯგუფს აქვს ცალკე პრივილეგიები და ყველა დანარჩენი უნდა იცავდეს წესს, რომელსაც პატარა ჯგუფი დაუდგენს, როცა უნდა, თავის წრეს მოარგებს და დანარჩენ მოქალაქეებს შეახებს კანონს?!

ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ. მზად ვართ ყველა წესი დავიცვათ, მაგრამ მე წარმოდგენაც გამოჭირდება ჩემ დროს, ჩემი ოჯახის წევრს ჰქონოდა რამე პრივილეგია, რაც არ შეეხებოდა საქართველოს სხვა მოქალაქეებს. ეს იყო ჩემი მთავარი პრინციპი, რომ არცერთი ნათესავისთვის და ახლობლისთვის არ მიგვინიჭებია პრივილეგია და ასეც უნდა იყოს.

ეს პოლიტიკა არაა, აქ არის ცხოვრებისეულ პრინციპებზე საუბარი.

ბევრი სხვა საქმე მაქვს, მაგრამ მინდოდა თქვენთვის ადამიანურად გამეზიარებინა, რომ სამართალი და წესები ყველასთვის არის ერთი. როცა ეს ირღვევა, ადამიანური დამოკიდებულება არ არის, იქ არ შეიძლება კარგი შედეგი დადგეს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად