სააკაშვილი: დასავლეთელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტინქტია, შორს დაიჭირონ თავი პრობლემისგან

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა IWPR-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ძირითადი თემა კი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და ამასთან დაკავშირებით დასავლური ქვეყნების რეაგირება და ქმედებები იყო.

IWPR: ახლა რომ შევხედოთ 10 წლის წინანდელ მოვლენებს, როგორ ფიქრობთ, დასავლეთმა რაიმე ისწავლა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ?

სააკაშვილი: საქმე ისაა, რომ დასავლეთი რამდენიმე ინსტიქტით არის მოტივირებული და ერთ-ერთი ამ ინსტიქტებიდან არის შერიგების პოლიტიკა. მათ ყოველთვის პრობლემის გადადება სურთ, ყოველთვის უნდათ, დაეყრდნონ წარსულს, მომავალს, რაც ხელს აძლევთ, გარდა ახლანდელისა. არავის უნდა პრობლემები და დასავლელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტინქტია, რაც შეიძლება შორს დაიჭირონ თავი პრობლემებისგან, იგნორი გაუკეთონ მათ, ან ისე მოიქცნენ, თითქოს საერთოდ ვერ ხედავენ მას და რომ ეს პრობლემა რეალური არ არის.

IWPR: ხართ თუ არა იმედგაცრუებული? წლების გასვლასთან ერთად დასავლეთის მიმართ იმედგაცრუება ხომ არ იგრძენით?

სააკაშვილი: თან კი და თან არა. თავდაპირველად ძალიან იდეალისტურად ვუდგებოდი დასავლეთს და ვფიქრობდი, რომ მათი მოტივატორიც ზუსტად ის იყო, რაც ჩემი – რაღაც განსაკუთრებული, რაც კანონის უზენაესობაზე, საზოგადოების დემოკრატიაზე იყო დაფუძნებული. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი სრულად გაქრა, ესენი მაინც არის მთავარი პრინციპები. დასავლეთს მაინც ყოველთვის შეგიძლია მიმართო, მათ შესაძლოა ყოველთვის არ ესმოდეთ თქვენი, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლებ ხმის მიწვდენას. ყოველთვის შეძლებ ხმის მიწვდენას? არა. არიან თუ არა ისინი მგრძნბიარეები მანიპულაციებთან და თვითმანიპულაციებთან მიმართებით? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა. მაგრამ არიან თუ არა ისინი საუკეთესოები არსებულებს შორის? კი, ეს ნამდვილად ასეა. აი, ასე ვუყურებ ახლა მე ამ ყველაფერს, გაცილებით ჯანსაღად, ვფიქრობ, რომ შეუძლიათ ძალიან პირფერები იყვნენ, მათ ორმაგი სტანდარტები აქვთ, მათ აქვთ ასეთი ურთიერთობებიც, რაც ჩემი აზრით, შესაძლოა კოლონიალიზმისგან იყოს შემორჩენილი, მაგრამ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ მაგიდასთან მჯდომი ახალი, პატარა წევრები წარმატებული ვერ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...