სააკაშვილი: ჩემი მხარდამჭერები არ არიან “პარტაქტივი”, ისინი არიან წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინ მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს.

“სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის. თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციისთაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს – რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი.

თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლოს ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამინებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან “პარტაქტივი”, ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები.

მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ კამათს ყოველთვის მოვასწრებთ იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს.

ყველაფერი კარგად იქნება.

ძალა ერთობაშია!”, – წერს facebook-ში მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად