A1 ბანერი

რუსული მედია: ევროკავშირის ელჩები დონბასში არჩევნების ორგანიზებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირში, 28 ქვეყნის ელჩები ნოემბერში ჩატარებული თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელების ე.წ არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი” და “ტასი” წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ცნობით, სანქციები მინიმუმ ცხრა ადამიანს დაუწესდება, რომლებიც ამ საქმეში ჩართულნი არიან. ზუსტად ვის  შეეხება სანქციები, სააგენტოები არ აკონკრეტებენ.

TASS- ის წყარომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, მხოლოდ ამის შემდეგ შევა გადაწყვეტილება ძალაში. შეხვედრა 10 დეკემბერს იგეგმება. ოფიციალურად, მისი დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია.

დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნები მას მერე ჩაინიშნა, რაც დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო მოკლეს. მას მიმდინარე წლის აგვისტოში, დონეცკის კაფეში მოუწყვეს აფეთქება, რასაც იგი ვერ გადაურჩა.

კიევი აღნიშნულ არჩევნებს ემიჯნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ე.წ არჩევნებს საცირკო წარმოდგენა უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ, აღნიშნულის გამო, კიდევ დამატებითი სანქციები დაწესდება.

კრემლში კი, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული არჩევნების ჩატარება წინააღმდეგობაში არ მოდის მინსკის შეთანხმებასთან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერი.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...