რუსული მედია: “ეს ქართული მიწაა” – ასე განუცხადა ქართველმა ექიმმა ოსურ მხარეს და ბრალი არ აღიარა

რუსული მედია ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ოკუპანტების მიერ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ძირითადად ისინი ყურადღებას ამახვილებენ აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, სადაც ის მოუწოდებს დე-ფაქტო ცხინვალს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ იმასაც, რომ აშშ-ს საელჩო რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს, როდესაც მას ჰკითხეს, რატომ გადაკვეთა საზღვარი, ამ უკანასკნელმა უპასუხა : ეს საქართველოს მიწაა” – წერს რუსული მედია.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ს საელჩომ მიმართვის ტექსტი გაავრცელა, სადაც და დე ფაქტო ხელისუფლებას ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება”,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად