რუსუდან თევზაძე: ახლა აღარ არის გიორგი გახარია მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი? ან ვინ დაითვალა სინამდვილეში, ვისია არჩევნების დროს, მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები?

“ზოგადად ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ ლოგიკას არ ექვემდებარება და შესაბამისად, ბევრი მოვლენა გაუგებარი რჩება.” ამის შესახებ სოციალური უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ასე მაგალითად, რამოდენიმე დღის წინ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი რჩება პოლიტიკაში. ამასთან დაკავშირებით, იმავე დღიდან, სატელევიზო ეთერებისა და მასმედიის სხვა საშუალებებით მუდმივად განიხილებოდნენ ის პიროვნებები, მათ შორის დეპუტატებიც, რომლებიც გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ გახარიას გვერდით. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ცოტა არ იყოს უცნაურია რიგ ექსპერტთა მწვავე და ნაუცბათევი შეფასებები, რაც მოყვა რამოდენიმე პარლამენტარის მხრიდან „ქართული ოცნების“ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებულ ბრიფინგს.

გაუგებარია ისიც, როდესაც ოპოზიციის ერთ ნაწილს, თან რადიკალურს და რაც უმთავრესია, ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგეს, ლამის ნოხები დაუგონ, ხომ არ დაიღალეთ ქუჩაში დგომით, ოღონდ თქვენ პარლამენტში მობრძანდით, ყველა თქვენ წინადადებას განვიხილავთ, გავიზიარებთ და ერთად ვიმუშაოთო, ხოლო თავისი პარტიის უკვე ყოფილ წევრებს, საკუთარ მეგობრებს და კოლეგებს, მაჟორიტარებს მოუწოდებენ ახლავე დატოვეთ მანდატები, ეს ჩვენი ხმები არის, თქვენ არ გეკუთვნითო… ბოდიში და ახლა აღარ არის გიორგი გახარია მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი? ან ვინ დაითვალა სინამდვილეში, ვისია არჩევნების დროს, მაგალითად, მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები? და კიდევ ერთი, პრაგმატული საკითხი… უკაცრავად და ამათზე კონსტრუქციული ოპოზიცია ვინ უნდა ყავდეს მმართველ პარტიას, საიდან უნდა გაჩნდეს, რომელი პლანეტიდან ელოდებიან?

პოლიტიკურ პარტიაში, მით უფრო სახელისუფლოში, ადამიანები თუ გარკვეულ საკითხებზე ერთმანეთს აღარ ეთანხმებიან, სხვადასხვა დამოკიდებულებები და შეხედულებები უყალიბდებათ ამა თუ იმ მოვლენასა და გარემოებაზე, პოლიტიკური ქმედებების თანმიმდევრობასა და ხასიათზეც თუ განსხვავებული აზრი აქვთ, რა უნდა ქნან, გულში უნდა ჩაიკლან ხვაშიადი, ზურგსუკან უნდა დაიწყონ საუბრები, ჭორაობა, ქმედებები თუ უნდა განაცხადონ, რომ ტოვებენ ამა თუ იმ პარტიას და გადადიან იქ, სადაც საკუთარი თანამოაზრეები ეგულებათ? უამრავჯერ გავმხდარვართ ამის მოწმე და დღევანდელი ბრიფინგიც არ მგონია ისტერიისა და გახარიას მომხრეთა ბულინგის ლეგიტიმური საფუძველი იყოს…

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ გიორგი გახარიას, როგორც პიროვნულად, ისე, როგორც პარტიის პირველ ნომერს, არსებითი და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორთან ერთად. ეს გარემოება არაერთხელ დაფიქსირებულა როგორც პოზიციის ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდანაც. ამდენად, ვისურვებდი რომ ქართული პოლიტიკური ველი და ყველა, ამ ველზე მოთამაშე, იყოს სამართლიანობისა და ობიექტურობის მხარეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნებისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მესახება შესაძლებლად, მწვავე კრიზისში მყოფი ქართული პოლიტიკის გაჯანსაღება და თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადასვლა.”წერს რუსუდან თევზაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...