რუსთავში “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი ქარხანა ამოქმედდა

ს.ს. ,,რუსთავოილი“ სამშენებლო ბიტუმს აწარმოებს, ის ქართული ინვესტიციითაა დაფინანსებული და მთლიანად რუსთაველი კადრებით არის დაკომპლექტებული.

ქარხანაში მიმდინარე მუშა პროცესს, რუსთვის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი გაეცნენ.

სს “რუსთავოილს” 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა. 2018 წლიდან, კი კომპანია ქარხნის მშენებლობის პროცესში იყო. საწარმოში ინვესტიციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მისი მოცულობა დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ,,რუსთავოილი“ ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც სამშენებლო ბიტუმს აწარმოებს.
“საწარმო პროცესებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის კუთხით, შესაბამისი ნებართვის აღება წარმოებისთვის გარკვეულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. დაახლოებით წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა ეს პროცესი. ამ დროისთვის საწარმოს მშენებლობის და წარმოების პირველი ეტაპი დასრულებული აქვს და ამ ეტაპში იგულისხმება 16 მილიონამდე ინვესტიციის ჩადება. აქ პირველადი გადამუშავების ნედლეულით მიიღება ბიტუმი, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში გამოიყენება. ეს პროდუქცია, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, დღემდე სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა საქართველოში. საწარმო გაფართოებას გეგმავს და ცოტა ხანში, აქ მივიღებთ წარმოებას, რომელსაც ანალოგი არ ექნება ამიერკავკასიაში”, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
“აწარმოე საქართველოს” მხარში დგომით, რუსთავში ახლახან გაიხსნა ბიტუმის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში ერთადერთია. ეს არის საწარმო, რომელიც ქართული ინვესტიციით გაკეთდა. საწარმოს მშენებლობაზე პირველ ეტაპზე დახარჯულია 16 მილიონი, მომავალში იგეგმება, რომ ინვესტიციის მოცულობა 30 მილიონზე მეტი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საწარმო მომავალში სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას ბიტუმზე. ქარხანა სამომავლოდ ალტერნატიული ენერგეტიკული სიმძლავრეების დანერგვაზეა ორიენტირებული, რაც მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
ქარხანას წელიწადში 120-დან 150 000 ტონამდე პროდუქციის წარმოების საშუალება აქვს, რაც სამშენებლო ბიტუმზე საქართველოს მოთხოვნის თითქმის 80 პროცენტს შეადგენს. ქარხანა შეუფერხებლად მუშაობდა პანდემიის პერიოდში, რადგან აქ ვირუსის გავრცელების პრევენციის ნორმები სრულად არის დაცული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად