რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების საფლავები, ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მანამდე კი რუსთავში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან ღონისძიება გაიმართა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა, ჩოხოსნებმა, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, თანამებრძოლებთან და მეგობრებთან ერთად, მათი ხსოვნის მემორიალი წითელი ვარდებით შეამკეს. მემორიალთან, მეუფე ფრიდონმა აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დღევანდელი დღე ყველას გვავალდებულებს ვიყოთ ერთგულნი ჩვენი ქვეყნს მიმართ, გვიყვარდეს სამშობლო-საქართველო და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, მშვიდობიანი განვითარებით საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, შემოვირიგოთ ჩვენი დები და ძმები აფხაზეთიდან და ოსეთიდან, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ყველას მოვუწოდებ მხარში დგომისკენ, თავდაუზოგავი შრომისკენ ამ მიზნის განსახორციელებლად, რადგან დიდ მიზნებს, მარტივად ვერ მიაღწევ, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია და შრომა“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
„მე მინდა ამ გმირი შვილების აღზრდისთვის პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს და მათ წინაშე ქედი მოვიხარო. ეს დღე ალბათ ყველა ქართველისთვის უნდა იყოს დღე, რომელიც მოგვიტანს ერთიანობას, სიმტკიცეს და ქვეყნის გაერთიანებას. ამ დღის დავიწყება არ შეიძლება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავში გვიან ღამითაც გაიმართა. გმირთა მემორიალთან რუსთაველებმა სანთლებით საქართველოს რუკა გამოსახეს და ცაში წითელი ფრანები გაუშვეს.
2008 წლის აგვისტოს ომში ოთხი რუსთაველი სამხედრო კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე და კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი გმირულად დაიღუპნენ. ვახტანგ გზირიშვილს, კახაბერ თავგორაშვილსა და ლევან იოსებიძეს, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ, გიორგი ჯავახიშვილს, კი ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენი.
დღესვე, თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, რუსთაველი კაპრალის_ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილის სახელი მიენიჭება. ღონისძიებას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი დაესწრებიან. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ვარკეთილში ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად