რუსთავს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სკვერი შეემატება

რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დასრულების ფაზაშია.

სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. “რუსთავს, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ლამაზი და კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება. გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ფაზაშია. ამჟამად, ადგილზე მცირე ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს, რისთვისაც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გარკვეული ვადა აქვს მიცემული. ვფიქრობთ, რომ ქალაქმა შეიძინა ერთ-ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე. სკვერში იქნება დაცვის სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოახდენს უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლებას, დასუფთავებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით, დაკომპლექტდა რამდენიმე ჯგუფი”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ. გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერი, პოეტის ხმით წაკითხული ლექსით დახვდება სტუმრებს, ამის საშუალებას კი ბიუსტთან მოწყობილი სპეციალური სენსორული აპარატი იძლევა. რეკრეაცია, 4 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს და სკვერი მულტიფუნქციურია. უკვე დასრულებულია კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის მოედნები, სკეიტ პარკი და ველოგორაკების მოწყობა, ტერიტორია მთლიანად ქვაფენილითაა მოპირკეთებული, გათვალისწინებულია ადაპტირებული სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მოწყობილია საბავშვო მოედნები და სხვადასხვა სპორტული კუთხეები. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი ცხოველთა გასასეირნებლად. დაგებულია ბალახის მწვანე საფარი. სკვერის რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მლნ 952 ათასი ლარით დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად