რუსთავის მუნიციპალიტეტში პანდემიის პრიოდში გაწეული სამუშაო შეაჯამეს

ახალი კონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ქალაქის მერიაში. სამთვიანი მუშაობის ანგარიში, მერიის ყველა სამსახურმა და ა (ა) იპ-მა წარუდგინა რუსთავის მერს.

ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან, ახალი კორონავირუსის (2019-nCov) შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, რუსთავის მერიაში, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. სწორედ ეს საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

პირველ რიგში, ქალაქის მერიამ მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა დაიწყო. ჯამში, მოხალისედ 230-ზე მეტი რუსთავრელი დარეგისტრირდა. მოხალისეობრივ საქმინობაში ჩართულები იყვნენ ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც. მათ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპურტატებთან ერთად, 70 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის, რომლებიც უფასო სასადილოს სერვისით სარგებლობენ, საკვები სახლში მიჰქონდათ. მოხალისეები უწევდნენ რუსთაველებს, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტის და მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისსაც.
პანდემიის პირველივე დღეებში, რუსთავის მერიაში ქოლ ცენტრი ამუშავდა. ქოლ ცენტრს 8 ოპერატორი ემსახურებოდა. სწორედ ცხელ ხაზზე შემოსული ზარების და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა იმ მოქალაქეების ინდენტიფიცირება, როლებიც დახმარებას საჭიროებდნენ. სულ ქოლ ცენტრში, 18 488 ზარი და 20 720 მოთხოვნა შემოვიდა.
ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შდეგად, ქალაქის მერიამ 4 სხვადასხვა სოციალური პროექტი აამოქმედა. პროგრამები საკვებით, მედიკამენტებით და ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა მეოთხე პროგრამაც, რომელიც რუსთაველი მოსწავლებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს. ამ პროგრამაში, ბენეფიციარების ჩართვა, საჯარო სკოლებიდან გადმოგზავნილი სიების მიხედვით მოხდა. პროგრამით 600-მა რუსთაველმა მოსწავლემ ისარგებლა.
მარტიდან დღემდე, რუსთავის მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტით 20 000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, მედიკამენტების პროგრამით ისარგებლა 1200-ზე მეტმა რუსთაველმა, ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი, 200 -მდე ოჯახშია მიტანილი.
სოციალური პროგრამების გარდა, აქტიურად მიდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე იმ შენობებში, სადაც პანდემიის პირობებში მოქალაქეების მცირე თავშეყრა, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მაინც ხდებოდა. დეზინფექცია უტარდებოდა საზოგადოებრივ ტრანპორტსაც. ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი, უფასო სასადილოების ბენეფიციარების გადაადგილებას უზრუნველყოფდა.
ქალაქის მერის ინიციატივით, სარგებლობის უფლებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლო ჰქონდათ დაკისრებული, გადასახადის გადახდისგან, 3 თვით გათავისუფლდნენ. დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან იყო გათავისუფლებული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. ადგილობრივი, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გადახდისგან გათავისუფლდა შიდასაქალაქო და რუსთავი-თბილისის M2 კატეგორიის ტრანსპორტიც.
პანდემიის პერიოდში, რუსთავში სამი საკარანტინე ზონა ფუნქციონირებდა. სამი საკარანტინე სივრციდან ორი, სამედიცინო პერსონალით ქალაქის მერიამ უზრუნველყო. მერია ახორციელებდა საკარანტინე ზონიდან გამოსული ადამიანების ტრანსპორტირებასაც.
შექმნილი იყო ე.წ. ტირ-პარკი, სადაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე, ხდებოდა ყველა საერთაშორისო გადამზიდავის შემოწმება და მათი თვითიზოლაციის პირობებით უზრუნველყოფა. ტირ- პარკი ფუნქციონირებას დღესაც აგრძელებს.
მოსახლეობის დახმარების პროცესში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები.
,,დღეს ჩვენ გაწეულ სამუშაოს ვაჯამებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი დავამარცხეთ და დღეიდან მოსახლეობის დახმარებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ვწყვეტთ. პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ ბიზნესმენს, თუ რიგით რუსთაველს, რომელთა პირადი შემოწირულობებითაც ძალიან ბევრ თანამოქალაქეს დავეხმარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან რომ არა მათი მონდომება და პროფესიონალიზმი, ამ პერიოდში, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგვიჭირდებოდა. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად თავდაუზოგავად იმუშავეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, რადგან მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებდით, საჭიროების მიხედვით გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ სულ მალე, მათი აუცილებლობა აღარ ექნება ქალაქს“-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

პანდემიის პერიოდში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამები ძირითადად მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. სულ, ამ მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 599 428 ლარია დახარჯული. რუსთავში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა იყო დადასტურებული, ცხრავე მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად