“რუსთავი 2″-ზე უკანონო აღსრულების შემთხვევაში სამთავრობო შენობების პიკეტირებას ვგეგმავთ”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილებისა და აღსრულების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დაიწყებს. 

როგორც გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე დისკუსიამ, თვალნათლივ აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მზადაა, ივანიშვილის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების თაობაზე, დაიცვას.

"თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა რამდენიმე განცხადება და მიუხედავად ბევრი განსხვავებისა ამ პარტიებს შორის, ცხადია, მედიის თავისუფლებისა და "რუსთავი 2-ის" საკითხები ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ თუ "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყდება, ყველა პარტია სხვადასხვა ფორმით, როგორითაც საჭიროდ ჩათვლის, გამოთქვამს პროტესტს.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთისთვის ივანიშვილს, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი და მხარდაჭერა, მოვლენების რადიკალური ფორსირების თაობაზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ივანიშვილი იხილავს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ის" მფლობელებისთვის ჩამორთმევას მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებრივი დავის შანსის წართმევას დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის და ე.წ. აღსრულების ფურცლის გამოწერას.

ეს შეიძლება მოხდეს მალე – 19 ოქტომბრის სხდომაზეც კი.

რა წამსაც დაიწყება ამ უკანონო გადაწყვეტილების უკანონო აღსრულება – ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს. 

განსხვავებით ბოლო სამი წლის საპროტესტო აქციებისგან, ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან პერმანენტულ სახეს და მათ შორის განხორციელდება სამთავრობო შენობების პიკეტირება.

თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს რუსთავი 2-ის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შედეგად", – განაცხადა გაბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად