“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების პასუხი ქიბარ ხალვაშს

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა განმარტეს ის კრიტერიუმები, რომლის დარღვევასაც ჟურნალისტები არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევენ.

„რუსთავი 2-ის“ მფლობელების და გენერალური დირექტორის ცვლილების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხი, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნაში მედია პლურალიზმის, განსხვავებული აზრისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პლატფორმის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

არხის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადება უკვე აღარ ტოვებს ილუზიას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავისუფალი სიტყვა და პროდასავლური ორიენტაციის მქონე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამიტომ არხის ჟურნალისტები მივმართავთ ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გარანტად გვევლინებიან, არ მოადუნონ ყურადღება და დაეხმარონ “რუსთავი 2-ს” სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. იმისთვის, რომ აღარ დავტოვოთ ინტერპრეტაციის სივრცე აქვე გავმარტავთ იმ კრიტერიუმებს, რომლის დარღვევასაც ჩვენ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მივიჩნევთ.

1. ჟურნალისტების, არხის წამყვანების, საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსისა და პროდიუსერების გათავისუფლება, სხვა პოზიციაზე გადაყვანა და მათ ნაცვლად ახალი კადრების მოყვანა არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის კიდევ ერთი მექანიზმი. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქართულ მედიაგარემოში ეს სქემა ხშირად გამოიყენება, არსებული გადაცემების დახურვა ან ფორმატის შეცვლა.

2. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტად ჩაითვლება, პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირების შრომითი კონტრაქტის დარღვევა.

3. სტუმრების ცენზურა, სიუჟეტების რიგითობის განსაზღვრა და ნებისმიერი სხვა სახის ჩარევა, რომელიც გავლენას მოახდენს გადაცემის შინაარსსა და აქცენტებზე.

4. ფინანსური ხასიათის პრობლემების შექმნა – თუკი არხი ყადაღის უმძიმეს პირობებშიც კი ახერხებდა დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას, არამხოლოდ ხელფასების გასტუმრებას, არამედ ახალი რეიტინგული მედიაპროდუქტების შექმნას, ყადაღის მოხსნამ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს შემოსავლების ზრდას და არა პირიქით. ამიტომ თანამშრომლების წინაშე, კონტრაქტით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და ბერკეტი “რუსთავი 2-ის” სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩასარევად.

5. მხოლოდ უცხოელი მედიამენეჯერის ჩამოყვანა ვერ ჩაითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიად. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეიძლება იქცეს მედია ცენზორად. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს სხვა არხებზე, უცხოელი მედიამენეჯერები ვერ აღმოჩნდნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემაკავებელი ბერკეტები. გარდა ამისა, ყველას კარგად გვახსოვს 2001 წელს “გაზპრომ მედიას” ანუ პუტინის მიერ “ენ-ტე-ვეს” ძალადობრივი ხელში ჩაგდების შემდეგ როგორ დანიშნეს “სარედაქციო დამოუკიდებლობის” უზრუნველსაყოფად ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ამერიკის მოქალაქე ჯორდანი. ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ისტორია. ჩვენ ასევე ვხედავთ კრემლის პროპაგანდისტულ არხზე “Russia Today-ზე” უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ”. – ნათქვამია ჟრნალისტებსი განცხადებაში.

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ  “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის აცხადებს, რომ  2010 წელს,  მასსა და  ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო.  ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის  მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით,  “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით,  ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა  ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...