“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები საჯარო რეესტრს: არ დაარეგისტრიროთ გენერალური დირექტორის ცვლილება

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია. – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კურიერის” ჟურნალისტების განცხადებას ავრცლებენ. რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს.

“ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს.

“მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2”-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.

“ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

“კურიერის” ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება” და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას.

“სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება “კურიერის” და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

“მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე “რუსთავი 2,” არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

“მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა.

“ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, 4 წლის წინ, 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა.

ეს ორი მოთხოვნა იყო – ხელშეკრულებების ბათილობა შპს “გეოტრანსთნ” და შპს “საქცემენტთან” და ამის შედეგად კი მეორე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და წილების ნაწილში, 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღინიშნოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% -ის მესაკუთრედ მისი კომპანია შპს “პანორამა”.

შედეგად, სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილები სრულად აღუდგინა მოსარჩელე  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს,  სადაც მოპასუხე მხარეები ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „საქართველო“, შპს „საქცემენტი“(ჰაიდელბერგცემენტი) და „გეოტრანსი“ იყვნენ.

„რუსთავი 2“-მა აღნიშნული გადაწყვეტილება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სადაც  მოსამართლე თამაზ ურთმელიძისმიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვდა. თუმცა, სააპელაციომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სააპელაციოს გადაწვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვდა უზენაესს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. რაც არ დაკმაყოფილდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და საბოლოო გადაწყეტილებითტელეკომპანია„რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და “პანორამას” მიაკუთვნა.

უზენაესი სასმართლოს გადაწვეტილებას არ დაეთანხმა  ტელეკომპანია.

„რუსთავი 2“-მა, ტელეკომპანია „საქართველომ“, ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა სარჩელით ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...