“რუსთავი 2”-ის ქონება სრულად დაყადაღებულია

“რუსთავი 2″-ის ქონება სრულად დაყადაღებულია, – ამის შესახებ განცხადებას “რუსთავი 2″ ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის მფლობელთა წილებს.

“არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

“რუსთავი 2″-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა – არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

შეგახსენებთ არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო – 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი “რუსთავი 2″–ის წინააღმდეგ დავას იწყებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...