რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა საქართველოს სახელით იასპარეზებს

ნიკარაგუაში 21-22 აგვისტოს გამართულ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე რუს ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვას საქართველოს სახელით ასპარეზობის ნება დართეს.

სპორტული მოქალაქეობის შეცვლის მიზეზების შესახებ მარია ხარენკოვას განმარტებას “ვეჩერნაია მასკვა” აცნობს მკითხველს:

“მე მივიღე ასეთი წინადადება, ძალიან დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ დათანხმება გადავწყვიტე. საქმე იმაშია, რომ მე ტრავმა მქონა – მხარი მტკიოდა, არ მქონდა საშეჯიბრებო შედეგები. დიდხანს არ გამოვდიოდი, მე აღარ მეძახდნენ რუსეთის ნაკრებში. საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის მეთაურმა დაურეკა ჩემ მწვრთნელს და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ჩემთვის ასეთი წინადადების შეთავაზება. მალე ბათუმში წავალ ქართულ ტურნირზე, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ. პერსპექტივაში მსურს შევეცადო ლიცენზიის აღებას, რათა ოლიმპიურ თამაშებზე წავიდე. რა თქმა უნდა, რუსეთის სახელით მინდოდა გამოვსულიყავი – რაც უნდა იყოს მშობლიური ქვეყანაა. მაგრამ რადგან ასეთი შანსი მომცეს, საჭიროა ამით ვისარგებლო.”

დონის როსტოველი მარია ხარენკოვა 21 წლისაა. ის 2014 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა დვირზე ვარჯიშში. მის ანგარიშზეა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მრავალჭიდში და 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გუნდურ ასპარეზობაში.

რუსულ პორტალ gymnovosti-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებში ამჟამად ირიცხებიან რუსეთის სპორტული ტანვარჯიშის სკოლის აღზრდილები – პოლინა ბორზიხი, კონსტანტინ კუზოვკოვი და იულია რუმბუტისი, ხოლო უფრო ადრე საქართველოს სახელით გამოდიოდნენ მარია ბორზიხი, ანა სუბოტინა, დმიტრი გოვოროვი და მარია ბუცკიხი. საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობას აპირებდა ალა სოსნიცკაიაც, თუმცა ტრავმამ მას სპორტული კარიერის დასრულება აიძულა. ყველაზე დიდი მიღწევა ჩამოთვლილთაგან აქვს კონსტანტინ კუზოვკოვს, რომელმაც 2018 წელს ბაქოში გამართულ მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპზე ბჯენით ხტომებში მე-3 ადგილი დაიკავა.

ზოგადად, ერთი ქვეყნის ნაკრები გუნდის მიერ სხვა ქვეყნის ნაკრებ გუნდში გადასვლა გავრცელებული პრაქტიკაა. საქართველოს არაერთი და ორი სპორტსმენი გამოდის სხვა ქვეყნის სახელით და არაერთი და ორი სპორტსმენი სხვა ქვეყნის ასპარეზობდა და ასპარეზობს საქართველოს სახელით. მაგრამ თუ საქართველოდან წასულ სპორტსმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობისას ოლიმპიური, მსოფლიო თუ კონტინენტის თამაშების მედალოსანი ხდება, ამას ვერ ვიტყვით საქართველოში გადმოსულ სპორტსმენებზე. პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჟაოს მედლის მფლობელების, ბრაზილიელი პლაჟის ფრენბურთელების, რენარო გომესის და ჟორჟე ტორსეიროს მაგალითი იმ გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც წეს განამტკიცებს.

რაც შეეხება მსოფლიო და ევროპისი ჩემპიონ ანასტასია გოტფრიდს და კიდევ ერთ ყოფილ უკრაინელ ძალოსანს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ ანატოლი პლესნოის, მათ წარმატებაში უკრაინელ მწვრთნელებზე მეტი თუ არა ნაკლები შრომა არ დაუხარჯავთ ქართველ მწვრთნელებს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...