რუსი სამშვიდობო ჯარისკაცები უკვე შევიდნენ სომხეთის ქალაქ გორისში

პირველი რუსი სამშვიდობოები უკვე ჩავიდნენ სომხეთის ქალაქ გორისში. რუსი სამხედროების შესვლა გათვალისწინებულია მთიან ყარაბაღში საომრი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ 10 ნოემბრის შუაღამეს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განთავსდება, 5 წლის ვადით და ავტომატურად 5-5 წლით გაგრძელებული პერიოდით, თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე;

5. კონფლიქტის მხარეთა მიერ შეთახმების შესრულების კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად იხსნება სამშვიდობო ცენტრი;

6. 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნით მოძრაობის ახალი მარშრუტის მშენებლობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის და შემდგომში ამ მარშრუტს დაიცავს რუსული სამშვიდობო კონტინგენტი; აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთების უსაფრთხოდ მოძრაობას ორივე მიმართულებით;

7. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით;

8. ხდება სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებული პირების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა;

9. ბლოკადა ეხსნება ეკონომიკურ და სატრანსპორტი კავშირებს. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტი კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ორივე მიმართულებით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით. კონტროლს ახორციელებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად