რუსი ჯარისკაცების ნიჩაბს 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა – 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე რუსი ჯარისკაცების ალესილ ნიჩბებს 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთაგან უმრავლესობა ქალები იყო, ორი კი სკოლის მოსწავლე

1. ადამია აზა, 22 წლის; 2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; 3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; 4. გიორგაძე ნატო, 23 წლის; 5. დოლიძე თამუნა, 28 წლის; 6. ენუქიძე თინა, 70 წლის; 7. თოიძე ნინო, 25 წლის; 8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის; 9. ლოლაძე მანანა, 33 წლის; 10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის; 11. მეტრეველი ვენერა; 12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის; 13.სამარგულიანი ნანა, 41 წლის; 14. ქვასროლიაშვილი შალვა, 15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; 16.ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; 17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის; 18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; 19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; 20. მელქაძე მანანა 23 წლის; 21. ქარსელაძე გია 25 წლის.

მომხდარიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა გამოაცხადეს, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა არსებობა შეწყვიტა.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ანტისაბჭოთა მოძრაობის გააქტიურება საქართველოში, რომელიც 1988 წლისთვის დაიწყო.

თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინრუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...