რუსი დისტრიბუტორების უარის გამო, თბილისის კინოფესტივალის პროგრამიდან ორი სურათი ამოვარდა

თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წელს კინოფესტივალის პროგრამიდან ორი სურათი ამოვარდა: რომან პოლანსკის “ოფიცერი და ჯაშუში” და ტერენს მალიკის “ფარული ცხოვრება”. როგორც თბილისის კინოფესტივალის განცხადებაშია აღნიშნული, რუსმა დისტრიბუტორებმა განაცხადეს, რომ ეს ფილმები ეკრანებზე 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამოვიდეს და მათ პოლიტიკაში არ შედის, რომ ფილმების თუნდაც ერთჯერადი ჩვენება დეკემბერში თბილისში მოეწყოს.

“მოგეხსენებათ, კინოფესტივალის გუნდი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს ერთგული მაყურებლისთვის საუკეთესო ფილმების შერჩევასა და მათი ჩვენების უფლებების დროულად შესყიდვაზე. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპის, აზიისა თუ რუსეთის საუკეთესო დისტრიბუტორებთან და კინოკომპანიებთან.

სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წელს კინოფესტივალის პროგრამიდან ამოვარდა ორი სურათი: რომან პოლანსკის “ოფიცერი და ჯაშუში” და ტერენს მალიკის “ფარული ცხოვრება”. მართალია, ამ ფილმების რუს დისტრიბუტორებთან გვქონდა გრძელვადიანი მოლაპარაკებები, თუმცა მათი საბოლოო განცხადებით, ეს ფილმები ეკრანებზე 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამოვიდეს და დისტრიბუტორების პოლიტიკაში არ შედის, რომ ფილმების თუნდაც ერთჯერადი ჩვენება დეკემბერში თბილისში მოეწყოს.

გული გვწყდება, რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი ამ სურათებს ჯერ-ჯერობით ვერ ნახავს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ პროგრამა სავსეა სხვა საინტერესო და გამორჩეული ფილმებით”,-ნათქვამია თბილისის კინოფესტივალის განცხადებაში, რომელიც facebook-ის გვერდზე გავრცელდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად