რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური და სამხედრო პრობლემა გახდება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური და სამხედრო პრობლემა გახდება. ამის შესახებ მან „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე განაცხადა, -ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.
“ჩვენ უნდა ავაშენოთ თავდაცვითი ქამარი სოჭის მახლობლად, ჩვენ უნდა გავატაროთ უზარმაზარი რესურსები, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური მტრისგან შესაძლო ქმედებები, ეს გარდაუვალია”, – განაცხადა მან.
კელინმა დასძინა, რომ ამიტომაც აუცილებელია თავდაცვითი ეშელონების აშენება და თავდაცვითი სტრუქტურების სამხრეთით გადატანა. თუმცა მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია.
მაისის ბოლოს, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა 2021 წელს ნატოს წევრი გახდება. ივლისის შუა რიცხვებში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პირობა მისცა. მისი თქმით, ორგანიზაციაზე დიდი შთაბეჭდილებმა მოახდინა იმ რეფორმებმა, რომელიც ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა.
უკრაინა ასევე ცდილობს, ნატო-ს წევრი გახდეს. აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ივლისში განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას “თანმიმდევრულად” უპასუხებს. მისი თქმით, ის, ვინც “ასეთი აგრესიული ნაბიჯების გადადგმას” გეგმავს, შედეგებზეც უნდა იფიქროს.