კანდელაკი: რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრის დაწყება ევროპიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დამსახურებაა

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა .

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ ფრენების აღდგენაზე საუბარი დაიწყო, რადგან ფრენების შეწყვეტამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა, ვინაიდან ევროკავშირიდან ტურისტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მისივე თქმით, ევროკავშირიდან ნაკადის სერიოზული ზრდა, დიდწილად, ქუთაისის აეროპორტის დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე, ივანიშვილის პრემიერობის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა.

„პოლონეთიდან ნაკადი 23%-ით გაიზარდა, გერმანიიდან 33%-ით, დიდი ბრიტანეთიდან 28%-ით, საფრანგეთიდან 27%-ით და ნიდერლანდებიდან 31%-ით. ასეთ სიტუაციაში, სრულიად გაუგებელი და გაუმართლებელია, რომ მთავრობა კვლავ საუბრობს ფრენების სუბსიდირების შესახებ რუსეთიდან, მაშინ, როცა ერთი გერმანელი ტურისტი ერთ რუს ტურისტზე სამჯერ მეტ ფულს ხარჯავს”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა და აღნიშნა, რომ გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ მილიონობით ლარი დახარჯა რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე ტურიზმის რეკლამაზე, რომლებიც საქართველოს გენოციდში ადანაშაულებდნენ.

„ჯერ კიდევ 4 ივნისს გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რა თანხა დახარჯა საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე მთავრობამ სხვა ქვეყნებში. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, გააკეთოს შედარება – მაშინ, როცა ოკუპანტ ქვეყანაზე ჩვენს დამოკიდებულებაში, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ, დაიხარჯა 13 მილიონი ლარი, რამდენი დაიხარჯა, გერმანიაში. კანონის სრული დარღვევით, ეკონომიკის სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს“, – თქვა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად