“რუსეთს მცდელობა აქვს, აშშ გვერდზე იყოს და ამაზე სათქმელი პირდაპირ უნდა ვთქვათ” – ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. რუსეთი ასევე აკრიტიკებს აშშ-საც და ჩანს, რომ მცდელობა აქვს მოახდინოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიდან მისი დისტანცირება, რათა საქართველოსთან დარჩეს პირისპირ, სტრატეგიული პარტნიორის გარეშე.

„შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას“, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რას ნიშნავს რუსეთის საკმაოდ თავხედური განცხადება, არის თუ არა მკაფიო საქართველოს ხელისუფლება თავის გზავნილებში და ხომ არ არის მორიგი მცდელობა რუსეთის მხრიდან მოახდინოს ჟენევის ფორმატიდან ამერიკის დისტანცირება? – ამ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს:

_ რუსეთის საგარეო უწყებამ საკმაოდ თავხედური განცხადება გაავრცელა. რისი ბრალია ეს, რომ ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება ამ თემებთან დაკავშირებით და აქეთ ადანაშაულებს საქართველოს პროვოკაციებში?

_ რუსეთის ყველა ქმედება მისი შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოვლენაა. ქვეყნის შიგნით მას აქვს საზოგადოებრივი პრობლემები, რომელიც უამრავი აქვს და ხაბაროვსკი ერთ-ერთი გამოვლენაა. საპასუხოდ მათ მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა აქვთ და ეს არის ის, რომ ყურადღება გადაიტანონ გარე საფრთხეზე, გარე მტერზე მოსალოდნელ საშიშროებაზე გარედან და ა. შ.

სხვა ახსნა მას უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ხალხი ვერ ხედავდეს სინამდვილეს. მაგრამ სინამდვილე და რეალობა მათ ნაკლებად აინტერესებთ. მათთვის მთავარი არის ის, რომ პასუხი გასცენ დაძაბულობის წარმოშობას შიდა პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური კრიზისის შედეგად. აი ეს ხდება. სხვათა შორის ეს იყო 2008 წელსაც, 2014 წელსაც და შემდეგ წლებშიც და ეს პოლიტიკა აქვს მას არჩეული.

_ საქართველოს ხელისუფლების როლსაც ხომ არ ხედავთ ამაში იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს არ ჩანს ისეთი მკაფიო გზავნილები, რაც უნდა კეთდებოდეს?

_ ვერ გეტყვით, ეგ გემოვნების საქმეა. ვიღაცას ეჩვენება, რომ გზავნილი მკაფიოა, ვიღაცას – არა. მე მაგალითად, ამაზე განსაკუთრებულად ყურადღების გამახვილებას არ ვურჩევდი არავის.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ეს საზოგადოების მხოლოდ დეზორიენტაციას გამოიწვევს. არ მიმაჩნია სწორად, რომ ხმამაღლა ვუმტკიცოთ რუსეთ, რომ ორჯერ ორი ოთხია. ამას ვაკეთებთ ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან.

_ ხელისუფლების პოზიციებს ამ თემებთან მიმართებით მკაფიო გზავნილად აღიქვამთ?

_ არა მე არ ვთვლი, რომ არ იყო, ან იყო. ეს განცხადებები გასაგები იყო, თუ ვინმეს სურს გაიგოს, რას ფიქრობს საქართველო. ხოლო თუ ეს უბრალოდ არ აინტერესებს, მაშინ ეს მას გინდა ამ ენით ელაპარაკე, თუ გინდა რამოდენჯერმე ასწიე ზევით. ისევ იგივეს გააგრძელებენ.

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ სიტყვიერად გამოთქმული პოზიცია რეალურად გავლენას ვერ ახდენს მოწინააღმდეგის პოზიციაზე. მათ თავისი ამოცანა აქვთ, მის პროპაგანდას თავისი ამოცანა აქვს, თავისი აუდიტორია ჰყავს და იმ თავის აუდიტორიას უმტკიცებს იმას, რაც მას სიმართლედ მიაჩნია. სულ არ აინტერესებს არც თქვენი აზრი და მით უმეტეს ის, მართალი ბრძანდებით თუ არა. ალბათ მეთანხმებით ამაში.

_ აშშ-ც გააკრიტიკა მან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით. ხომ არ დაინახეთ მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ აშშ-ის რაღაცნაირი დისტანცირება მოახდინოს ამ პროცესისგან და საქართველოს პირისპირ მარტო დარჩეს?

_ დიახ, ამ თემაზე ნიუანსების და ნიშნების დონეზე საუბარი ჩემი აზრით ზედმეტი სიფრთხილე იქნება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ნამდვილად არ სურს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების რომელიმე ასპექტში იყოს ჩართული და მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ან საერთოდ ხმა ჰქონდეს მას დისკუსიაში კავკასიის თაობაზე. არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი და სხვათა შორის არც პირველი და არც უკანასკნელი. ყველანაირად აქვთ მცდელობა, რომ აშშ გვერდზე იყოს და არ ერეოდეს პოსტსაბჭოთა სივრცის მიმდინარე პროცესებში. მით უმეტეს, რომ ეს სივრცე მთლიანად მიაჩნია საკუთარი გავლენის და ინტერესების სფეროდ. მე ახლა მარტივი ჭეშმარიტებები გითხარით და მე მგონი ასეა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად