რუსეთმა თავის დასავლეთ საზღვრებთან ორი არმია და სამი საჰაერო-სადესანტო შენაერთი გადაისროლა

ამის შესახებ, „რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს განაცხადა

სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ ნატომ რუსეთის საზღვრებთან, ძირითადად შავი და ბალტიის ზღვის რეგიონებში, 40 ათასი სამხედრო და 15 ათასი ერთეულ შეიარაღებას, მათ შორის, სტრატეგიული ავიაციას მოუყარა თავი და ამის საპასუხოდ, რუსეთმა თავისი დასავლეთ საზღვრებისკენ ორი არმია და სამი საჰაერო-სადესანტო შენაერთი გადაისროლა.

დაძაბულობის მასშტაბების წარმოჩენის მიზნით რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვსაც ციტირებენ.

„შეერთებული შტატები – ჩვენი მოწინააღმდეგეა და ყველაფერს აკეთებს მსოფლიო არენაზე ჩვენი პოზიციების ძირგამოსათხრელად”, ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ამა თუ იმ ინციდენტის რისკი ძალიან დიდია, „ჩვენ ვაფრთხილებთ აშშ-ს, რომ მათთვის უკეთესია შორს დარჩნენ ყირიმისგან, შავი ზღვის ჩვენი სანაპიროებისგან. ეს მათივე სასიკეთოდ იქნება”, – ამბობს რიაბკოვი.

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის ზრდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შეშფოთებას იწვევს და მუდმივად მათი ყურადღების ცენტრშია. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის დროს შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის გამო და ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის სუვერენიტეტისადმი „ურყევი ერთგულება”.

ბაიდენმა პუტინს პრობლემების განსახილველად ორ ლიდერს შორის უმაღლეს დონეზე მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, დღეს, ბრიუსელში, ნატოს ლიდერებთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების დროს, აშშ-ის მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ ბაიდენის სიტყვები გაიმეორა.

ბლინკენმა აგრეთვე განაცხადა, რომ განიხილავს ნატოში შესვლის შესახებ კიევის ამბიციებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დასავლეთის ალიანსთან მიერთების გამო რუსეთის ანტაგონიზმის გამოწვევის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის შიშების მიუხედავად.

ბლინკენმა რუსეთის ქმედებები შეაფასა როგორც „ძალიან პროვოკაციული”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირეების განმავლობაში რუსეთმა ათასობით სამხედრო გადაისროლა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ჯარების უდიდესი თავმოყრა მოახდინა უკრაინის საზღვრებთან.

„რუსეთმა ბოლო უნდა მოუღოს სამხედრო ძლიერების ზრდას უკრაინაში და მის სიახლოვეს, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ესკალაცია”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთი აცხადებს, რომ ახდენს ძალების გადადგილებას თავის შეხედულების მიხედვით, მათ შორის თავდაცვითი მიზნებით. ყირიმის ანექსიის შემდეგ ის რეგულარულად სდებს ბრალს ნატოს ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ჯარების გაზრდით ევროპის დესტაბილიზაციაში.

ამერიკელ კანონმდებლებთან გამართული შეხვედრისას აშშ სამხედრო ძალების მეთაურმა ევროპაში კითხვაზე, შეძლებს თუ ვერა უკრაინა რუსეთის აგრესიის მოგერიებას, განაცხადა, რო, მის აზრით, უკრაინა ამას „დროთა განმავლობაში” შეძლებს

დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უკრაინის ჯარი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძვის, სიტუაციის გამწვავებაში კიივი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დმიტრო კულებას თქმით, კიივს დიპლომატიური გადაწყვეტა სურს. იგი დასავლეთს შემდგომი ეკონომიკური სანქციების დაწესების და კიივისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მიესალმება დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის დემონისტრირებას, მაგრამ ეს არ შეესაბამება უკრაინის სურვილს გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...