რუსული მედია: ”როსავიაციამ” ”ციმბირის ავიახაზებს” მოსკოვიდან ქუთაისში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა

ავიაკომპანია Сибирь-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელების ნება გასცა. ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც რუსეთის ფედერალური საჰაერო სატრანსპორტო სააგენტოს (როსავიაცია) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსული მედიის ცნობით, ბრძანება კვირაში შვიდამდე ავიარეისის განხორციელებას გულისხმობს.

ტელეგრამ-არხი Tbilisi_life-ს  ავიაკომპანია Siberia Airlines- ის წარმომადგენლობით ოფისში აცნობეს, რომ დაგეგმილი ფრენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

მოგვიანებით, მოსკოვში აღნიშნული ინფორმაცია განმარტეს. როგორც სააგენტო “ლენტა.რუს” S7- ის წარმომადგენელმა ნადეჟდა ხაიტოვამ განუცხადა, მოსკოვიდან ქუთაისში ფრენების დაშვების არსებობა ავიაკომპანია Сибирь-ს საქართველოსთან დაკავშირებული აკრძალვის პირობებში ავიარეისების განხორციელების უფლებას არ აძლევს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალურმა საჰაერო სატრანსპორტო სააგენტომ ავიაკომპანია “გლობუსს” მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების  განხორციელების უფლება გაუუქმა.

ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის ივლის-აგვისტოში ქვეყანამ რუსეთთან ავიარეისების დროებითი აკრძალვის გამო, 113 მილიონი დოლარი დაკარგა.

ამა წლის 17 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „Аргументам и фактам“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმოს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციას შეძლებს და რუსი მოქალაქეების მიმართ არსებულ საფრთხეს აღმოფხვრის“. ლავროვმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების ნაწილი საქართველოში რუსოფობიურ განწყობას აღვივებს. მისი თქმით, ამას პირველ რიგში ზიანი თავად საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის მოაქვს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

შექმნილი აგრესიული ვითარებისა და დაძაბულობის ფონზე, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს. შემდეგ კი, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად