რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „რუსთავი 2“-ის ეთერში, პუტინის მისამართით ნათქვამს ეხმიანება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და პრესის დეპარტამენტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში გაჟღერებულ ტექსტს ეხმიანება.

„კატეგორიულად ვგმობთ უპრეცედენტო, მიუღებელ, უხამს, უცენზურო გამონათქვამებს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მისამართით, ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერდა. ამას განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ ღია პროვოკაციას ქართული რადიკალი ძალებისგან. ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიდის ღია რუსოფობია.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამჯერად, განსხვავებით 20 ივნისის თავდასხმისგან, რომელიც რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე განხორციელდა, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები კი არ გაამართლა, არამედ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ გამიჯვნოდა პროვოკატორებს და გაეკრიტიკებინა მათი ქმედებები. აგრეთვე ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებას, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო მომხდარი.

ჩვენი მოლოდინია ადეკვატური რეაქცია სპეციალიზებული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზებისა და ჟურნალისტებისგან. მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ცივილურ ქვეყნებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...