“რუსეთის პოლიტიკური ნების გარეშე შუამავალს აზრი არ აქვს”

"სანამ რუსეთის მხრიდან არ იქნება პოლიტიკური ნება,  რომ გადაიდგას  ნაბიჯი  დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ და ა.შ. მანამდე შუამავალს აზრი არ აქვს". – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ, საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორ მხარეს შორის დიალოგი  იმ შემთხვეში ხდება თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, ასეთი ნება კი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის არ აქვს.

"მოდით შევხედოთ რეალურად, როდის ხდება შეხვედრა, როდესაც ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება  და მზადყოფნა ყველა მხარის მხრიდან. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს, რუსეთის ფედერაციის პოზიცია საქართველოსათან მიმართებაში არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან,  თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა, დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. ახლა მთავარი ამოცანაა  საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით  მოვახერხოთ ის, რომ რაიმე ფორმით, დიპლომატიური გზებით მივიყვანოთ საკითხი მომწიფებამდე,  სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება,  ვერანაირი  შუამავალი ვერ მოამზადებს შეხვედრას, გამომდინარე იქედან,  რომ თუ არ  არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გადაიდგას პოლიტიკური  ნაბიჯი, მაგალითად დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ,  ან სხვა ნაბიჯისკენ, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება და რეალურად წაადგება პრობლემების მოგვარებას. მანამდე შუამავალს აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, რომელ გზავნილზე მელაპარაკებით?!

შეუძლებელია დღეს არსებობდეს,  კარგი იქნება რომ არსებობდეს ასეთი პოლიტიკური ნება  რუსეთის ფედერაციის მხრიდან,  რომ გადაიდგას რაიმე ნაბიჯი,  რაც რეალურად დაეხმარება არსებული პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ  სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ჩვენი ხედვები რადიკალურად განსხვავებულია",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად