რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაში შეფერხებები მოხსნილია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დიდთოვლობის გამო არსებობდა შეფერხებები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია საქართველოს რუსეთიდან შემოაქვს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია.

“დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე 80 აბონენტია დარჩენილი, ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, სადაც ასევე გარკვეული პრობლემებია გზებთან დაკავშირებით. დიდთოვლობამ გზა ფაქტიურად წაიღო, დღესაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ჩვენ აბონენტებს გავანულებთ. ამბროლაურში ელექტროენერგიის გარეშე 12 აბონენტია დარჩენილი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ არის. გვქონდა გარკვეული შეფერხებები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან. ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო “ენერგო პრო ჯორჯიას” ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ხელს უშლიდა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად